
2023 წელს, მსოფლიოში სასიკვდილო განაჩენის აღსრულების ინდექსის მიხედვით ირანი ლიდერობს - Amnesty International
Amnesty International-ის ცნობით, 2023 წელს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შემთხვევათა რაოდენობა ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე მეტია, რადგან ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთმა სახელმწიფომ მკვეთრად გაზარდა სიკვდილით დასჯის წესის გამოყენება.
„ცნობილია, რომ სულ 1,153 ადამიანი დაისაჯა სიკვდილით 16 ქვეყანაში, რაც 30%-ზე მეტია 2022 წელთან შედარებით. ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის შემთხვევების 74% ირანში აღირიცხა, ხოლო საუდის არაბეთში - 15%. სახელმწიფო საიდუმლოებიდან გამომდინარე, Amnesty International-ის მონაცემები არ მოიცავს ჩინეთს, რომელიც, სავარაუდოდ, ყოველწლიურად, ათასობით სასიკვდილო განაჩენს აღასრულებს. ჩინეთი კვლავ რჩება მსოფლიოში წამყვან ჯალათ ქვეყნად.
Amnesty-მ ასევე ვერ შეძლო ჩრდილოეთ კორეისა და ვიეტნამის მონაცემების წარმოდგენა. აღნიშნული ქვეყნები, სავარაუდოდ, ფართოდ იყენებენ სიკვდილით დასჯის მეთოდს. 2023 წელს, ბელარუსში, იაპონიაში, შრი-ლანკაში, მიანმარსა და სამხრეთ სუდანში სიკვდილით დასჯა არ დაფიქსირებულა.
სიკვდილით დასჯის უზარმაზარი ზრდა, პირველ რიგში, ირანში იკვეთება. ირანის ხელისუფლებამ სრულად უგულებელყო ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნობა და აქტიურად გამოიყენა სიკვდილით დასჯის მეთოდი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს სიკვდილით დასჯის დისკრიმინაციულ გავლენას ირანის ყველაზე მარგინალიზებულ და გაღატაკებულ თემებზე.
გასულ წელს, პაკისტანმა ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა გააუქმა, ხოლო მალაიზიამ - სავალდებულო სიკვდილით დასჯა. აშშ დასავლეთის ერთადერთი განვითარებული ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ წერია კანონთა კრებულში. აშშ-ში სიკვდილით დასჯის შემთხვევები, 2022 წლის 18 შემთხვევასთან შედარებით, 2023 წელს, 24-მდე გაიზარდა,“ - ნათქვამია Amnesty International-ის ყოველწლიურ ანგარიშში.
0
0