
11 ევროპული ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეჩერებას ითხოვს. კერძოდ, პოლონეთი, შვედეთი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ასევე ნორვეგია და ისლანდია, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, ევროკომისიას რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის სასწრაფოდ შეზღუდვისკენ მოუწოდებენ.
შესაბამის წერილს ხელს აწერენ ამ ქვეყნების შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები.
წერილში მინისტრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმებისა და უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების ევროპულ კურორტებსა და სანაპიროებზე დასვენება მიუღებელია.
„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდა, რომლებიც ისვენებენ ევროპულ კურორტებზე, მაშინ როდესაც რუსული რაკეტები და დრონები კვლავაც უტევს უკრაინის მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას“, – ნათქვამია წერილში.
მინისტრები ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ რუსებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობის ზრდის გამო.
„შენგენის ბარომეტრის“ მონაცემებით, მხოლოდ 2025 წელს რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული მიზნით 477 878 შენგენის ვიზა გაიცა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მრავალჯერადი შესვლის უფლებით იყო.
დოკუმენტის ავტორების თქმით, ეს ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ უფრო მკაცრი მიდგომის გამოყენებას ითვალისწინებს.
წერილში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ. „visa shopping“-ის პრობლემას, როდესაც რუსი მოქალაქეები გვერდს უვლიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მკაცრ საკონსულო პოლიტიკას და ვიზებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იღებენ.
„შენგენის ბარომეტრის“ მიხედვით, ამჟამად რუსებისთვის ყველაზე მეტ ტურისტულ ვიზას საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი გასცემენ, მაშინ როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ასეთ ვიზებს პრაქტიკულად აღარ გასცემენ.
ერთ-ერთი ხელმომწერი ქვეყნის დიპლომატის განცხადებით, საკითხი ასევე უკავშირდება ფინანსური ტვირთის არათანაბარ განაწილებას. მისი თქმით, ფინეთთან საზღვარზე რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შედეგად ადგილობრივი მაღაზიების ნაწილი გაკოტრდა, მაშინ როდესაც სამხრეთ ევროპის ქვეყნები კვლავ იღებენ ეკონომიკურ სარგებელს რუსი ტურისტებისგან.
წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ არსებული პრაქტიკა უსამართლოა, რადგან სასაზღვრო სახელმწიფოები უსაფრთხოების ხარჯებსა და რისკებს საკუთარ თავზე იღებენ, ხოლო სხვა ქვეყნები რუსი ტურისტების მომსახურებით შემოსავლის მიღებას აგრძელებენ.
პოლონეთი ევროკავშირში ე.წ. სწრაფი თავდაცვითი სავიზო სანქციების მექანიზმის შექმნასაც ითხოვს. ვარშავის ინიციატივით, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეზღუდოს ვიზების გაცემა კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, როგორც ეს უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში უკვე მოქმედებს.
11 ქვეყნის წერილი ევროკომისიას სავიზო კოდექსში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდებს, რათა ევროკავშირმა მესამე ქვეყნების მხრიდან მტრულ ქმედებებზე უფრო ეფექტიანი რეაგირება შეძლოს.
მინისტრები ასევე ითხოვენ, რომ მრავალჯერადი ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვები რუსეთის ყველა მოქალაქეზე გავრცელდეს, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.
დოკუმენტში მხარდაჭერილია ესტონეთის ინიციატივაც, რომელიც მოქმედი და ყოფილი რუსი სამხედროების იდენტიფიცირებასა და მათთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.
0
0