04/01/2025
13:37
მსოფლიო
ყველაზე ხანდაზმული ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი ტანმოვარჯიშე აგნეშ კელეტი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ) ავრცელებს, რომელიც ჰოლოკოსტს გადარჩენილი სპორტსმენის მიზანდასახულობასა და გამბედაობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ოლიმპიური თამაშების 10 მედლის მფლობელი, უნგრელი ტანმოვარჯიშე აგნეშ კელეტი 104 წლის იუბილემდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის საშობაოდ, პნევმონიის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1952 წელს ის ჰელსინკიში, თავისუფალ პროგრამაში, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ამავე ოლიმპიურ თამაშებზე მხატვრულ ტანვარჯიშში მან კიდევ სამი მედალი მოიპოვა (ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო). ოთხი წლის შემდეგ, 1956 წელს, მელბურნის ოლიმპიადაზე, მან ოთხი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიგო.
„თავისი შთამბეჭდავი გამოსვლების წყალობით, ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებაში.
თომას ბახის თქმით, აგნეშ კელეტმა დაამტკიცა, რომ „დიდი მონდომებით და გამბედაობით ტრაგედიის დაძლევა შეიძლება“. ამასთან დაკავშირებით, სოკ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ებრაულ ოჯახში დაბადებული ტანმოვარჯიშე ჰოლოკოსტს გადაურჩა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 10 ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
„ის მართლაც შთამაგონებელია. ჩვენი ფიქრები მის ოჯახთან და მეგობრებთანაა“, - აღნიშნავს თომას ბახი.
0
0
ჩვენ ომში ფულს არ ვაკეთებდით - ზელენსკი
06/01/2025