1000-ლარიან პენსიებს ოთხი წლის მერე ხელისუფლებაც მისცემს ხალხს. ან რომ დადიხარ და ფასებზე წუწუნებ, მერე რა? ყველას აწუხებს ფასები, მაგრამ რა რეფორმებს ატარებ იმისთვის, რომ ფასები გაიაფდეს? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა წამოაყენოს ისეთი თემები, რომლებიც ამომრჩეველს მიიზიდავს და ნაკლები აქცენტი გააკეთოს პოპულისტურ დაპირებებზე.
„შენ უნდა გქონდეს ისეთი თემები, რომლებიც ხალხს ანთებს. ამას მარტო ის კი არ სჭირდება, რომ „აუ, პენსია უნდა ხალხს, პოპულარული იქნება ეს და მოდი, ამაზე ვილაპარაკებ“ და მერე იქვე რომ „იწვები“, რომ ტყუილია და თურმე ოთხი წლის მერე ჰპირდები მაგ პენსიას. 1000-ლარიან პენსიებს 4 წლის მერე ხელისუფლებაც მისცემს. როგორ უნდა შეეჯიბრო 1000-ლარიან პენსიაში? ან რომ დადიხარ და ფასებზე წუწუნებ, მერე რა? ყველას აწუხებს ფასები, მაგრამ რა რეფორმებს ატარებ იმისთვის, რომ ფასები გაიაფდეს?
ამაში კი არ არის საქმე, უნდა დაგიჯერონ კიდეც და იმისთვის, რომ ცვლილებაზე წავიდნენ, უნდა იცოდნენ, რომ შენთან უკეთესად იქნებიან და შენ უკეთეს ცხოვრებას შესთავაზებ. ბუნებრივია, თემებზე უნდა ილაპარაკო, მაგრამ თემებზე ლაპარაკი ერთია და მაღაზიებში შესვლა და ზეთი ამდენი ღირს, ის ამდენი ღირს, ეს ამდენი ღირს, ამის ლაპარაკი და რაღაცების ანგარიში... მეორეა, შენ ისეთი რეფორმები შესთავაზო, რომ შეიძლება პროდუქტი არ გაიაფდეს, მაგრამ შემოსავალი მოემატოს ისე, რომ იყიდონ ის გაძვირებული ზეთიც. ეს არის ოპოზიციის პრობლემა, რომ ამის მიღმა აღარ მიდიან. ხალხი გეტყვის, რომ შენ არჩევნების წინ გახსენდები და ამაში მართალი არიან.
არ ვიცი, რამდენად საკმარისი იქნება „ხაბეს“ ფასები და ხაზარაძის პენსიები და მუსტანგი იმისთვის, რომ ჩვენ სიტუაციის შეტრიალება შევძლოთ. თუ ხალხი არ ენდო პოლიტიკურ ძალებს და ისევ 70-მა პროცენტმა იძახა, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ წარმომადგენსო, ეგრე ჩვენ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებს ვერ მოვუგებთ“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა tv პირველის ეთერში.
0
0