20/07/2023
16:44
მსოფლიო
„ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ის და მისი ჯარისკაცები ბრძოლას აფრიკის ქვეყნებში გააგრძელებენ, სადაც უკვე იმყოფებიან.
მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა წარუმატებელი აჯანყება მოაწყო რუსეთში და ის ბელარუსში გააძევეს, „ვაგნერის“ მომავალთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება.
„აფრიკაში ჩვენი საბრძოლო „პროგრამები“ არ შემცირებულა და არც შემცირდება“, - განუცხადა პრიგოჟინმა [კრემლის მხარდამჭერ საინფორმაციო არხს] Afrique Média TV-ს.
BBC Verify-მ დაადასტურა, რომ აუდიომასალაში პრიგოჟინის ხმა ისმის.
პრიგოჟინის ჯარისკაცები იმყოფებიან იმ ქვეყნებში (მათ შორის მალსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში), სადაც უფლებადამცველი ჯგუფები და გაერო მათ ბრალს დებენ სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. ასევე „ვაგნერის“ მებრძოლებს აშშ-იც ადანაშაულებს [ნავთობისა და გაზის საბადოებიდან სირიასა და ლიბიაში, სუდანის ოქროს მაღაროებიდან და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ბრილიანტის საბადოებიდან] ოქროს უკანონო წილების მიღების გზით გამდიდრებაში.
პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლების საქმიანობა განსხვავებული ხასიათისაა. „თუ „ვაგნერის“ ჯგუფის დახმარება სადმე იქნება საჭირო ბანდების და ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად და ამ ქვეყნების ხალხის ინტერესების დასაცავად, ჩვენ მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ამ ამოცანის შესრულება პირობებზე შეთანხმების შემდეგ,“ - განაცხადა ევგენი პრიგოჟინმა.
„ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნული კომენტარები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. სერგეი ლავროვის განცხადებით, პრიგოჟინის წარუმატებელი აჯანყების მიუხედავად, „ვაგნერის“ ჯგუფისა და რუსეთის ოპერაციები მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში „კვლავ გაგრძელდება.“
0
0