
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ პრეს-კონფერენციაზე ყურადღება ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებზე გაამახვილა.
„ცეცხლის ახლავე შეწყვეტა და პოზიციების გაყინვა, სადაც რუსები არიან განლაგებულნი, [პუტინს] დროსა და სივრცეს აძლევს, რათა ხელახლა აღჭურვოს არმია და დახარჯული რესურსები აინაზღაუროს. თუ სი ძინპინს ნამდვილად სურს კონფლიქტში რაიმე კონსტრუქციული როლის შესრულება, მან რუსეთს უკრაინაზე თავდასხმების შეწყვეტისაკენ და გაეროს წესდების დაცვისაკენ უნდა მოუწოდოს. გაეროს წესდების დაცვა ნიშნავს, რომ რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ჩვენ არ მოგვისმენია, რომ უკრაინის ომის მალე დასრულებაზე სი ძინპინსა და პუტინს რაიმე ეთქვათ“, - დასძინა ჯონ კირბიმ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯონ კირბი რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობას ალიანსად არ თვლის, მისი თქმით, ნათელია, რომ ორივე ქვეყანას „სურს სამყარო თავიანთი წესებით ათამაშონ“.
როგორც ცნობილია, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების საკითხში ჩინეთს შუამავალს უწოდებს.
ამავდროულად, ვლადიმერ პუტინი მიესალმა პეკინის წინადადებებს კონფლიქტის "მოგვარების" შესახებ - იგულისხმება ჩინეთის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ორივე მხარისგან ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.
0
0