14/07/2023
12:20
საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია ბათუმში, მამის მიერ 13 წლის შვილის სავარაუდო გაუპატიურების ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში სქესობრივი განათლების დანერგვის მნიშვნელობაზე საუბრობს.
როგორც ბაია პატარაია აღნიშნავს, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შესახებ უამრავი მითი თუ დამახინჯებული წარმოდგენა არსებობს.
მისივე განმარტებით, სქესობრივი განათლება იმაზე უფრო კომპლექსურია, ვიდრე საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია.
„როცა ვამბობთ სქესობრივი განათლება, ზოგს გული უსკდება, ჰგონიათ, რომ პატარა ბავშვებთან დაიწყება იმის ახსნა, რა არის სქესობრივი აქტი. ბაღის ბავშვმაც უნდა იცოდეს, რომ მას აქვს სხეულზე ისეთი ადგილები, რომელთა შეხების უფლება არავის არ აქვს, თუ ეს არ არის ჰიგიენური, ან სამკურნალო მიზნით.
მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ თუ ბავშვი უცნაურად იწყებს სექსუალურ თემებზე საუბარს, არ მოუყრუოთ, ის შეიძლება, საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდეს!
თუ რაღაცის მოყოლას ცდილობს, არ უნდა ჰქონდეს თქვენი შიში. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს მშობლის შიში და არ უნდა თქვას, მე თუ ამას ვიტყვი დედა ან მამა დამსჯის,“– აცხადებს ბაია პატარაია „ფორმულასთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით, პოლიციამ 40 წლამდე კაცი 12 ივლისს დააკავა. სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.
0
0