12/06/2023
12:21
პოლიტიკა
დღეს მთავარი საკითხი არის კანდიდატის სტატუსის მიღება, ყველა პარტიასთან გვაქვს კოორდინაცია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპა და ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის კოორდინაცია საჭიროა სტატუსთან დაკავშირებით და „დანარჩენ საკითხზე ერთმანეთს თუ ნაკლებად გალანძღავენ, უკეთესი იქნება“.
„კოორდინაციის რესურსი, რა თქმა უნდა, არის. ერთმანეთის სიებში ჩაწერის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას, წელს არც საარჩევნო დღის წესრიგია. მთავარი საკითხი დღეს არის კანდიდატის სტატუსის მიღება. ამაზე საჭიროა ოპოზიციის კოორდინაცია. დანარჩენ საკითხებზე რა ვიცი, თუ ნაკლებად გალანძღავენ ერთმანეთს, უკეთესი იქნება. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ოპოზიციაში ტალახის სროლაში არ ვმონაწილეობთ, ვიღაცები მონაწილეობენ, მაგრამ ვინც ასე მოიქცა, ყველამ წააგო. ამას ალბათ მიხვდებიან და გაჩერდებიან. ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპა და ევროპული პერსპექტივა, ყველა პარტიასთან გვაქვს კოორდინაცია. დანარჩენი, ტექნიკური საკითხებია და ამაზე საუბარი ჯერ ადრეა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
კითხვაზე, „აქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ოპოზიცია მოახერხებს კოორდინირებულად მუშაობას, ერთობას“, მანჯგალაძემ აღნიშნა:
„ერთობა რას ნიშნავს, არ ვიცი, ყველა ერთ პარტიაში ჩავეწოროთ? შეთანხმებული ვართ, რომ ევროპა გვინდა და ვინც ამის იქით აპირებს კოორდინაციას, გაერკვევიან ჩვენ გარეშე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთან, რაც შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „საქმე რთულად არის“.
„რამდენიმე კვირაა დარჩენილი. ის ტექნიკური საკითხები თუ არ იქნება შესრულებული, ალბათობა კანდიდატის სტატუსის მიღების დაბალი იქნება. რეკომენდაციებს თუ შევასრულებთ, ძალიან მაღალი იქნება“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
0
0