07/11/2022
20:46
პოლიტიკა
სამი პოლიტიკური პარტია - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ პარტიებს, კონსოლიდაციის შემთხვევაში არჩევნებზე ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უდგას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ანტიდასავლური და პრორუსული რეჟიმის დასამარცხებლად და „საჭიროა, ჯერ კიდევ „ცოცხალი“, იმ ოპოზიციური პარტიების სრულად გაერთიანება, რომლებიც არ თანამშრომლობენ „ქართულ ოცნებასთან“.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რომ: საქართველოს მოსახლეობის ნება, ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული კავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, კვლავ ურყევია. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პარადოქსული მოცემულობა, როცა პრორუსული უმცირესობა „ქართული ოცნების“ სახით მართავს პროევროპულ უმრავლესობას, მოსახლეობის 85% მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ეს მოცემულობა უცვლელია იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის რუპორებს, იქნება ეს ტელეკომპანიების (იმედი, პოს ტივი თუ სხვა), პოლიტიკური და კვაზი პოლიტიკური სუბიექტების („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“ თუ სხვა), თუ ე.წ. ,,ექსპერტების“ (ლეგიონია მათი სახელი) სახით, უკვე წელიწადზე მეტია გაჩაღებული აქვთ ღიად ანტი-დასავლური კამპანია. მასშტაბური დეზინფორმაციული პროპაგანდის პარალელურად, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა დასავლეთის წინააღმდეგ, არ მცირდება მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც მყარად პროდასავლელი და პროევროპელია. სამაგიეროდ, მცირდება „ქართული ოცნების“ მომხრეთა რიცხვი, რასაც ეს კვლევაც ადასტურებს (6%-იანი კლება IRI-ს წინა კვლევასთან შედარებით);
მიუხედავად იმისა, რომ ერთად ოპოზიციურ პარტიებს, ამ კვლევის მიხედვითაც, აქვთ მეტი პროცენტული მხარდაჭერა და „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაბალია ჯამურად ოპოზიციის რეიტინგზე, ივანიშვილის რეჟიმის უზარმაზარი ფინანსური რესურსების (მათ შორის, „შავი“ და რუსული ფულის), არჩევნების გაყალბების და ძალადობის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ცალკე აღებულ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ შესწევს მისი დამარცხების უნარი;
ჩვენ, სამ პარტიას, რომლებმაც ერთიანობის კამპანია წამოვიწყეთ, კონსოლიდაციის შემთხვევაში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვიდგას (კვლევის მიხედვით, ჯამურად 7%, ხოლო მეორე არჩევანის შემთხვევაში-8%).
ეს კვლევაც ამას აჩვენებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ანტიდასავლური და, შესაბამისად, პრორუსული რეჟიმის დასამარცხებლად. საჭიროა, ჯერ კიდევ „ცოცხალი“, იმ ოპოზიციური პარტიების სრულად გაერთიანება, რომლებიც არ თანამშრომლობენ „ქართულ ოცნებასთან“ და არ ატყუებენ ქვეყნის მოსახლეობას, რომ ასეთი თანამშრომლობით შესაძლებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მომავალი წლის ბოლოს;
სინამდვილეში, არანაირი კვლევა არაა საჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ სად ვართ. საკმარისია გავესაუბროთ ქუჩაში გამვლელებს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები დასავლეთში, ჩვენგან ელოდებიან ერთობას, პირადი ინტერესების გვერდზე გადადებას, პასუხისმგებლობის აღებას და ხელისუფლების ცვლილებას. ერთობა, ეს არის ფორმულა, რომელიც ამარცხებს პრორუსულ რეჟიმს, აერთიანებს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და გარანტირებულად მოაპოვებინებს ქვეყანას კანდიდატის სტატუსს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე.
0
0