27/03/2023
19:03
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა” თათია სამხარაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეწამყვანის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს.
ამავე ხელისუფლების საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ თათია სამხარაძე ოცნების პროპაგანდისტის ყოვლად ამორალური და კანონგარეშე ქმედებების მსხვერპლია.
დღეს სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება.
სექსუალურად შემვიწროებელი პირის ორგანიზებით და ამ პირის ფორმალური თუ არაფორმალური სახელისუფლებო გავლენების გამოყენებით, შურისძიებისა და ძალადობის სხვა ფაქტების გადაფარვის მიზნით, შევიწროების მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს.
დევნაში მთელი სამთავრობო მედია, პოლიცია და ტროლ-ბოტების რესურსია ჩართული.
ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი, ძალადობის მსხვერპლი ქალის მისამართით მსგავსი მასშტაბით ორგანიზებული სახელისუფლებო დევნის გაბედვა, კარგად წარმოაჩენს იმას, თუ როგორ არის საქართველოში დაცული რიგითი მოქალაქის უფლებები. ხელისუფლება ღიად აფიქსირებს, რომ საკუთარი ძალაუფლების გასახანგრძლივებლად რუსული სტილის რეპრესიებს იყენებს და სახლში შეუვარდება ყველას - ყოველგვარი მიზეზების გარეშე!
მოვუწოდებთ საქართველოში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების საელჩოებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატსა და ყველას, ვისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის უფლებების მსგავსი ცინიზმით და თავხედობით ფეხქვეშ გათელვა, შესაბამისი სიმძაფრით აღვიქვათ პრობლემის არსი და გვქონდეს პროპორციული რეაქცია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორგანიზებული სახელისუფლებო ძალადობის გასანეიტრალებლად ძალისხმევას არ დაიშურებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, თათია სამხარაძემ POSTV-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედში“ ყოფნის დროს 2016 წელს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა. სამხარაძემ დავა მოიგო. სამხარაძე იყო პირველი ქალი, ვინც რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
0
0