11/02/2024
23:29
სამართალი
თბილისი, ვარკეთილში 9 იანვარს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
საქმის მასალებით და ახლობლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 27 წლის ქეთი ედიბერიძეს, საძინებელში 4 თვის შვილთან ერთად, სავარაუდოდ ეძინა, როდესაც ქმარი თავს დაესხა და დანით 15-მდე ჭრილობა მიაყენა.
ცნობილია, რომ წყვილი დმანისში ცხოვრობდა და 9 იანვარს მკვლელობაში ბრალდებული, გიორგი კავლელაშვილი ვარკეთილში ბავშვის ექიმთან ვიზიტის გამო ჩამოვიდა. დანაშაულის ჩადენის დროს სახლში დამნაშავის მამაც იყო, რომელსაც გვერდით ოთახში ეძინა. ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულმა თვითდაზიანება მიიყენა.
„დილის ექვს საათზე კარზე ძლიერი ბრახუნის ხმამ გამაღვიძა, კართან აღელვებული გიორგი იდგა. მითხრა, ქეთი დავჭერი და პოლიციაში დარეკე - წამიყვანონო. მათ საძინებელ ოთახში შევედი, სადაც იტაკზე, სისხლის გუბეში იწვა ქეთი. ცოცხალი იყო, სუნთქავდა. ფერი არ ედო, ვერ ლაპარაკობდა და კვნესოდა. ამოიკვნესა ბავშვიო, მაგრამ ვერ დაასრულა. ვკითხე, ბავშვს რას აჭმევ მეთქი, პასუხს ვერ მცემდა, ვკითხე, ძუძუს აჭმევთქო? თვალებით მანიშნა კიო. ბავშვი ჩემ სახლსი გავიყვანე, მალე პოლიცია და სასწრაფო მოვიდა“, - აღნიშნულია მეზობლის ელენე ოთარაშვილის ჩვენებაში, რომელიც „კურიერი P.S-მა“ მოიპოვა.
დაჭრილი ქალი, ქეთი ედიბერიძე საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. დამნაშავეს ბრალი სსკ-ის 19 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
ქეთი ედიბერიძის დედამ და დამ მკვლელობის შესახებ საზღვარგარეთ ყოფნისას გაიგეს. მოკლული ქალის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა დამნაშავემ წინასწარ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაგეგმა და ახლა ფსიქიკური პრობლემების ვერსიით, მძიმე სასჯელისგან დახსნას ცდილობს.
„ბავშვი შემთხვევის შემდეგ დმანისში წამოვიყვანეთ, ახლა მე ვუვლი, კარგად არის, ახლა 5 თვისაა. არ ყოფილა შეურაცხადი, იყო სრულიად ადეკვატური. არაფხიზელიც გვინახავს და არაფერი შეგვინიშნავს. გიორგის თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი, რომ ეს მკვლელობა განეხორციელებინა თბილისში. დანა სოფლიდან წაიღო“, - აცხადებს გარდაცვლილი ქალის და, მარიამ ედიბერიძე.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირაში გამოძიება დასრულდება და სასტიკი მკვლელობის საქმის განხილვას სასამართლო დაიწყებს.
0
0