
„საქართველოში სეისმურად ყველაზე საშიში ზონა კვლავ ჯავახეთია“ - ამის შესახებ სეისმოლოგმა, მანანა ძამაშვილმა Spacesnews-ს განუცხადა.
„საქართველოში სეისმურად ყველაზე საშიში ზონა კვლავ ჯავახეთია, სადაც დაახლოებით 2 წლის წინ, საქართველო- სომხეთის სასაზღვრო ზოლთან იყო ძალიან ძალიან აქტიური შემთხვევები და ასევე, აქტიურია რაჭის რეგიონი“ - თქვა ძამაშვილმა.
მისი თქმით, მიწისძვრის ხანგრძლივობის დაფიქსირება რთულია, რადგან ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ტალღა შემოდის:
„რთულია, ხანგრძლივობის დაფიქსირება, რადგან მიწისძვრის დროს შემოდის ორი ტიპის ტალღა - სიგრძედი და განედი, უფრო დიდი ენერგია განივ ტალღას მოაქვს და შემდეგ მიწისძვრის მინელებასაც დრო სჭირდება. რაც უფრო ძლიერია მიწისძვრა, შეგრძნება, რომ ყანყალებ უფრო დიდხანს გრძელდება. დროის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიწისძვრის სიდიდეზე. რამდენად შორს, ან ახლოს ვართ ეპიცენტრიდან და რამდენად ძლიერია მიწისძვრა. ძლიერ მიწისძვრას ძალიან მალევე, შუაში მოყვება პატარა, მომყოლი შემთხვევები. პატარა, ვგულისხმობ, იმაზე შედარებით მცირე, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ძლიერია. ამიტომ, ბიძგებიც ემატება. მთლიანად კერის განმუხტვა რომ ხდება, მაგაზე რა სიდიდის მიწისძვრები მოხდება, ეს გვაძლევს შეგრძნებას, ის დიდხანს გაგრძელდა, თუ ცოტახანს იყო.“ - განაცხადა სეისმოლოგმა.
კითხვაზე, თუ რამდენად საშიშია საქართველოსთვის თურქეთში მომხდარი მიწისძვრა- სეისმოლოგი ამბობს, რომ არ არის საშიში, რადგან ეპიცენტრი საკმაოდ შორს, საზღვრიდან, 600 კილომეტრის მოშორებითა არის:
„რაც შეეხება, თურქეთში მომხდარი მიწისძვრას, ჩვენთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ბათუმმა შეიგრძნო ძალიან მცირედ, რადგან 600 კილომეტრია საზღვრიდან დაახლოებით.“
ძამაშვილმა ასევე, საქართველოს სეისმურ მდგომარეობასა და რისკებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად ქვეყნის მდებარეობისა, საქართველოში მსგავსი მასშტაბის მიწისძვრები თითქმის არ ხდება:
„ჩვენ ღმერთის მადლით, არ ვართ იმდენად აქტიური ზონა, რამდენადაც თურქეთი, რადგან ჩვენ რომ მსგავსად აქტიური ზონა ვიყოთ, ალბათ, ამ პირობებში აღარ ვიქნებოდით. ჩვენი ლანდშაფტი მაგ სიმძლავრის მიწისძვრას ვერ გაუძლებდა და ბევრად უფრო ცუდი შედეგი იქნებოდა. თავისთავად ცხადია, რომ არავინ არაფრისგან დაცული არ არის, თუმცა ჩვენთან მსგავსი ტიპის მიწისძვრები არ ხდება.“ - თქვა ძამაშვილმა
იმაზე საუბარი, თუ როგორ გადავირჩინოთ თავი მიწისძვრისგან, მეტად რთული და ფაქტობრივად შეუძლებელიც კი არის, თუმცა სწორი რეკომენდაციები გვეხმარება, რომ მიწისვრის დროს თავი დაცულად ვიგრძნოთ, სწორედ ამიტომ, მანანა ძამაშვილმა პრევენციის მიზნით მოსახლეობას ახალი რჩევები მისცა:
„ადრე უფრო სხვანაირი რჩევები იყო, რომ ეგრევე მაგიდის ქვეშ უნდა შეძვრე ან კედელთან უნდა დადგე. ახლა, ამ რჩევებმა აზრი დაკარგა, რადგან ისეთი მყარი ხის მაგიდები, როგორიც ადრე იყო, ახლა აღარ არის. ამიტომ, ყველაზე კარგი რჩევაა, დავრჩეთ ადგილზე. როცა გავდივართ, ლიფტიც და კიბეც არის ყველაზე უფრო საშიში ადგილი. შესაბამისად, უმჯობესია დარჩე იქ, სადაც ხარ.“
ცნობისთვის, ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან ახლოს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ცნობით, მისი სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო.
0
0