13/06/2023
15:26
პოლიტიკა
დღეს არავინ იტყვის, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, მაგრამ გინდათ საბოლოოდ, ეროვნული ბანკი იუსტიციის საბჭოდ გადააქციოთ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გყავდეთ ისეთივე მორჩილი ადამიანი, როგორიც ლევან მურუსიძეა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.
მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ ეროვნული ბანკი ბოლომდე დაიმორჩილოს.
„ეროვნული ბანკი ვახსენე, მინდა ვთქვა, რომ თქვენ ჩადიხართ დანაშაულს. ეროვნული ბანკის კანონზე ვეტოს გაუქმებით პასუხს მომენტალურად მიიღებთ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, პირველ რიგში, სავალუტო ფონდიდან. გაუქმდება საქართველოში დღეს არსებული სამწლიანი პროგრამა, ვინაიდან ის ეროვნული ბანკის საბჭოს დამოუკიდებლობას, ფაქტობრივად, აუქმებს, როდესაც იქნება ხუთი ადმინისტრაციული წევრი და ოთხი ფორმალური, რომელიც ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ ძალიან კარგად იცის სავალუტო ფონდმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ამ გადაწყვეტილების არამხოლოდ ტექნიკურ-სამართლებრივი კონტექსტი, არამედ პოლიტიკური კონტექსტი. თქვენ გინდათ ეროვნულ ბანკში გავლენების კიდევ უფრო გამყარება. დღეს არავინ იტყვის, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, მაგრამ გინდათ საბოლოოდ, ეროვნული ბანკი იუსტიციის საბჭოდ გადააქციოთ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გყავდეთ ისეთივე მორჩილი ადამიანი, როგორიც ლევან მურუსიძეა. თქვენ გინდათ საფინანსო მურუსიძის შემოღება საქართველოს საფინანსო სისტემაში. გინდათ, ბოლომდე დაიმორჩილოთ ეროვნული ბანკი, ვინაიდან ეროვნული ბანკი არის ძალიან დიდი რეგულატორი, რომელიც არეგულირებს ფასიანი ქაღალდების ბიზნესს, დაზღვევას, საპენსიო ფონდებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, კომერციულ ბანკებს და გინდათ მთელ ამ სისტემას, უფრო სწორედ ივანიშვილს უნდა, რომ მოაჯდეს და შემდეგ ფინანსური ნაკადები მართოს ისე, როგორც მას მოეპრიანება. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მთავარი მოთხოვნა იყო დამოუკიდებელი ინსტიტუტები", - განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ბანკის სახით ქვეყანას ახალი პრობლემა და თავსატეხი გაუჩინა და ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტის დამოუკიდებლობას პირდაპირ ლახვარს სცემს.
„როგორც ჩანს, თქვან მართლა არ გინდათ ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს“- განაცხადა გოცირიძემ.
0
0