
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის რომ ქვეყანაში აქონდროპლაზიის პრეპარატის, ვოსორიდიტის შემოტანა იყოს უსაფრთხო, მეტი დროა საჭირო.
მისივე თქმით, მედიკამენტმა დაადასტურა, რომ მას შეუძლია დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს ძვლის ზრდის ტემპზე, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ გრძელვადიანი შედეგები არ არის დადგენილი და კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება.
„ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ხშირად მივმართავთ სხვადასხვა შემთხვევებში. დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვოსორიდიტი ადრეული ეტაპის პრეპარატია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მასთან მიმართებით ჯერჯერობით არ აქვს არც რეკომენდაცია და არც „გაიდლაინი“ არ არის სტანდარტული სახით შეტანილი. სწორედ ამიტომ, მეტი სამუშაო და მეტი დრო სჭირდება ვოსორიდიტის ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, ასევე მოლაპარაკებას მწარმოებელთან და ჩვენ პარტნიორებთანაც, იმისთვის რომ ქვეყანაში პრეპარატის შემოტანა იყოს უსაფრთხო. ეს პროცესი დაიწყო უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და კიდევ გარკვეული ეტაპები უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ თამამად გადავდგათ „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში შემოტანის ნაბიჯი“, - აცხადებს თამარ გაბუნია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით „ვოსორიდიტი“ ინოვაციური და პირველი მედიკამენტია, რომელიც აქონდროპლაზიისთვის გაჩნდა. მისივე თქმით, ძალიან დიდი ინტერესია დღეს ამ მედიკამენტის გარშემო და სწორედ ამით იხსნება ის ფაქტი, რომ ამერიკის წამლის სააგენტომ „ვოსორიდიტს“ მიანიჭა დაჩქარებული წესით ავტორიზაცია.
თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ავტორიზაცია, ქვეყნების დონეზე, უპირობოდ მის აღიარებას არ ნიშნავს, რადგან თითოეული ქვეყანა კიდევ უფრო დეტალურად სწავლობს მედიკამენტის მოსალოდნელ ეფექტსა და გვერდით რეაქციებს.
0
0