30/12/2022
01:22
პოლიტიკა
„მიხეილ სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ დანაშაულს მოჰყვება სასჯელი და სასჯელს სჭირდება მოხდა, მისი მფარველები და მეგობრებიც უნდა შეეგუონ!“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„ვნახეთ ბევრი ტყუილი უკვე ამ საქმეში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადვოკატები და მისი წარმომადგენლები დილით ამბობენ, რომ ის მოწამლეს, საღამოს ამბობენ, რომ არა, არ მოწამლეს. მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილი წერილს წერს რუს ბლოგერს, რომ ის პუტინის დავალებით მოწამლეს, იმავე დღეს მისი ოჯახის წევრი ამბობს, რომ არა, არ მოწამლეს, ეს ხომ აჩვენებს, რამდენად სანდოა მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის პოზიციები. ტყუილის სამყაროში ცდილობენ, რომ გვამყოფონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილი და მისი მეგობრები უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ სასჯელი უნდა მოიხადოს.
„რადიკალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი არაა სააკაშვილის და მისი მსჯავრი, არამედ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა იმ დანაშაულებებისთვის, რომელიც ჩადენილი აქვს მიხეილ სააკაშვილს. რა მომენტშიც მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობრები, რომლებიც სინამდვილეში მისი მტრები არიან იმიტომ, რომ ისინი აგულიანებენ მას რომ თავი ჩაიგდოს ამ მდგომარეობაში, რომ იქნებ შექმნას საბაბი გათავისუფლების, შეეგუებიან უმარტივეს ჭეშმარიტებას ნებისმიერი სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსი, რომ დანაშაულს მოჰყვება სასჯელი და სასჯელს სჭირდება მოხდა, ზუსტად იმ მომენტში რადიკალიზაცია დასრულდება. მიხეილ სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ დანაშაულს მოჰყვება სასჯელი, მისი მფარველები და მეგობრებიც უნდა შეეგუონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0