20/07/2023
11:51
მსოფლიო
რუსული ვაჭრობის გლობალური შემობრუნება აღმოსავლეთით და სამხრეთით უკვე მოხდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა რუსეთის პრემიერ მინისტრთან მიხეილ მიშუსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
კერძოდ, მან საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ოპერირებაზე ისაუბრა.
„ჩვენ მივაღწიეთ აბსოლუტურ რეკორდებს. ივნისში 31 622 სატვირთო მანქანა გავიდა და ჩვენ ვინარჩუნებთ ამ ტემპს, ივლისში რიგები არ არის. ეს არის ათასზე მეტი სატვირთო მანქანა დღეში“, - თქვა დავიდოვმა.
თავის მხრივ, მიშუსტინმა ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოთხოვნაზე ზემო ლარსის გამტარუნარიანობის გაზრდის შესახებ.
„მე და თქვენ სოჭში მას მივეცით შესაბამისი დაპირებები, რომლებიც მკაცრად შესრულდა”, - თქვა მიშუსტინმა.
დავიდოვმა საპასუხოდ სომხეთთან და საქართველოსთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„სომეხი კოლეგები ასევე გვეხმარებიან ქართველ პარტნიორებთან მუშაობის კოორდინაციაში, რომლებთანაც, კერძოდ, ვთანხმდებით იმაზე, თუ როგორ მივაწოდოთ მანქანები ერთმანეთს კონტროლისთვის“ - დასძინა რუსმა ჩინოსანმა.
აღსანიშნავია, რომ 21 ივნისს, ზემო ლარსში ვიზიტისას, დავიდოვმა განაცხადა, რომ საქართველოს საზღვარზე „ახლა არის ევროპული ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა“.
0
0