25/11/2024
11:29
პოლიტიკა
„რუსებო, მონებო!“ - ამ შეძახილებით მიმართავენ პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით არჩეულ დეპუტატებს, რომელთა ნაწილიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა.
ისინი პარლამენტის ეზოში ავტომობილებით შედიან.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ, აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 26 ოქტომბრის არჩევები გააყალბა, შესაბამისად, მათივე თქმით, ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები განლაგებულები არიან როგორც პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, ისე ჩიტაძის ქუჩის ნაწილსა და პარლამენტის უკანა მხარეს, ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში.
რაც შეეხება სამართალდამცველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩიტაძის ქუჩაზე და პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან იმყოფებიან.
ცნობისთვის, დღეს, 12:00 საათზე XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება. პარლამენტის სასახლეში პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით არჩეული დეპუტატები იკრიბებიან. მათ ცესკო-ს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე რეგისტრაცია გაიარეს.
„ქართული ოცნების“ გარდა, არც ერთი ბარიერგადალახული პარტია 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
0
0