
მომღერალი, ნინი ბრეგვაძე საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის - "ახალი ხმის" აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ "X ფაქტორშიც" გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.
კონკურსის დატოვებასა და სამომავლო გეგმებზე ნინიმ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა:
„რა თქმა უნდა, მინდოდა ფინალში ყოფნა. ცოტა იმედიც მომეცა, რადგან ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, არა მარტო ქართველებისგან და საქართველოდან, არამედ აქ მცხოვრებლებისგანაც.
ხალხი, რომელიც პროექტს უყურებს და ამესიჯებს, ალბათ, სხვა ჟანრს უსმენს და მოსწონს. მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი თავით. კმაყოფილი ვარ იმ პერფორმანსებით, რაც დავდე. ამ პროექტში ძალიან ხშირად ხდება მსგავსი რამ. კარგი მომღერლები ტოვებენ ხოლმე პროექტს.
ჩემს მწვრთნელს, ნაელს, ძალიან ეწყინა, რომ დავტოვე პროექტი. როდესაც კამერები არ გვიღებდნენ, ცოტა ვისაუბრეთ და მან აღნიშნა, რომ დასწყდა გული და მითხრა, რომ შეეცდება მაქსიმალურად დამეხმაროს, რომ სწორი ადამიანები ვიპოვო და ჩემი საქმე გავაკეთო“. – ამბობს ნინი.
ნინი საქართველოში ჩამოსვლას გაზაფხულზე გეგმავს.
„ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და როდის ჩავეხუტები სცენიდან ხალხს“, – ამბობს ნინი.
0
0