22/05/2023
12:30
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მხრიდან კონსულტაციებზე საუბარი საზოგადოების მოტყუებაა და ეს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
სამადაშვილის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, იუსტიციის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატზე დათმობაზე წავა თუ არა „ქართული ოცნება“. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგია, გააგრძელოს ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაცია.
„ეს ვნახეთ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესში, როცა წარმოუდგენლად ბევრი დრო დაიკარგა იმ პროცედურაში, რომელიც თვითონ მოიგონეს და ბოლოს მათთვის სასურველი ადამიანი დანიშნეს. ასევე, ვნახეთ, რა გააკეთეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის დროს, როცა ფარულ გარიგებაში შევიდნენ რამდენიმე ოპოზიციონერთან და ასე გაიყვანეს საკუთარი კანდიდატები. ამიტომ ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმ ორ კანდიდატზე რაიმე დათმობაზე წავლენ თუ არ წავლენ.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე აჩვენა საზოგადოებას და ევროკავშირს, რომ მათი დღის წესრიგია, გააგრძელოს ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაცია. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, რადგან ის, რომ ეს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის არცერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
0
0