06/02/2024
15:11
სამართალი
უკრაინის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით, რომელიც ოდესიდან, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის და საქართველოს გავლით რუსეთის ქალაქ ვორონეჟში უნდა ჩასულიყო.
უკრაინის დიპლომატიური მისია ქართველ პოლიტიკოსებს ამ საკითხის პოლიტიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და საქართველოს სამართალდამცველ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
„უკრაინის საელჩო ამოწმებს ინფორმაციას, რომელიც პრესკონფერენციაზე საქართველოს უშიშროების სამსახურმა გააჟღერა. ვადგენთ ყველა გარემოებას, მათ შორის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან უკრაინის მოქალაქეთა კავშირს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული მხარე ამ საკითხის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს. მზად ვართ და დაინტერესებულები ვართ საქართველოს სამართალდამცველ და სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის, რათა ამ საქმის ობიექტური, მიუკერძოებელი და ყოველმხრივი გარემოებების დადგენა მოხდეს და რეალური ორგანიზატორები გამოვლინდეს“, - აცხადებენ საქართველოში უკრაინის საელჩოში.
ცნობისთვის, 5 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი.
კონტრტერორისტული ცენტრის მიერ კომპლექსურად ჩატარებული მოქმედებების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა და ამოღებული აუდიო ფაილების საფუძველზე დგინდება, რომ ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“ უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის, „დარიალის“ მეშვეობით.
0
0