
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავრობაში ცვლილება, თანამდებობაზე ჩანაცვლება ნორმალური პროცესია.
„ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა რამდენიმე თვეში და ამით გარკვეული კულტურაც კი დაამკვიდრა, უფრო სწორი აღქმა იმისა, რომ თანამდებობა დროებითია და ეს არის გარკვეულ პერიოდში შენი ქვეყნის სამსახური. ცვლილება, როტაცია, ჩანაცვლება, ჩვეულებრივი მომენტია. სინამდვილეში, თუ დავაკვირდებით ევროკავშირის ქვეყნებს, საითქკენაც ვისწრაფვით, იქაც ასეა, ძალიან იშვიათი, გამონაკლისია, როდესაც დიდ ხანს არის ერთი ადამიანი თანამდებობაზე. ეს ცვლილებები ნორმალურია, ამით, გარკვეულწილად, ხდება თანამდებობების დესაკრალიზაცია მათ შორის, როგორც რაღაც განსაკუთრებული მომენტი. ყრილობაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაულოცა გზა და პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ახალს დაულოცა გზა. ეს არის ის სტანდარტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამკვიდრებს ყველა დონეზე, პარლამენტი იქნება ეს, მთავრობა, თუ პარტია. ეს ასეც უნდა იყოს, არ უნდა იყოს ზედმეტად გადაჭარბებული, დამოკიდებული თანამდებობის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის პარლამენტის წიაღიდან არჩევა აჩვენებს პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღეს, მათ შორის ახალ სტანდარტებს.
„პირველად, მას შემდეგ, რაც სრულად საპარლამენტო სისტემაზე გადავედით, პარლამენტის წიაღიდან ხდება ადამიანი პრემიერ-მინისტრი. ეს აჩვენებს „ქართული ოცნების“ პარტიულ სიჯანსაღეს. ასევე, ისიც, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტიულ თანამდებობას იკავებს და უკვე პარტიულ საქმიანობას აგრძელებს. თავად ის ფაქტი, რომ უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტის გამოცდილი წევრი ხდება პრემიერ-მინისტრი, არის განსაკუთრებული მოვლენა ჩვენი დემოკრატიისა და დემოკრატიის განვითარებისთვის“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბეს“.
0
0