21/04/2023
12:09
პოლიტიკა
პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ზურაბიშვილისადმი მიმართვაში უპრეცედენტოდ მკაფიო და მკაცრად საუბარია იმაზე რომ პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.
„გუშინ საზოგადოება გაეცნო, გამოქვეყნდა მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის უფლებების დაცვის და ჟურნალისტების დაცვის ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ.
ამ მიმართვაში უპრეცედენტოდ მკაფიო და მკაცრად საუბარია იმაზე რომ პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.
ეს ხდება 1 წლის შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ დიდ დარტყმა მიაყენა ჩვენს პერსპექტივას მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს ხდება შუალედური შეფასების წინ, რომელიც მაისში იქნება და პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი ორგანიზაციების მოთხოვნის არ გათვალისწინება, კიდევ ერთი ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი ევროპული მომავლის.
დღეს პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი დილემა და კიდევ ერთი არჩევანი - ისევ წავიდეს „ოცნების“ მიმართულებით და დაუპირისპირდეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას თუ მიიღოს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია.
ეს არჩევანი, პასუხისმგებლობა მასზეა, მე არ ვაპირებ თხოვნებს და მიმართვებს მასზე, მან ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ მინდა მივმართო ყველა ორგანიზაციას, პარტიას, ყველა ადამიანს, ვინც დღეს ზრუნავს ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენს ევროპულ მომავალზე.
დღეს არის ისევ კონსოლიდაციის და მოქმედების დრო, იმიტომ რომ თუ დაველოდებით, როგორ „ოცნების“ სხვა ნაწილების შემდეგ, ახლა პრეზიდენტი დაკავდება ჩვენი ევროპული მომავლის გათელვით, ჩვენ დავკარგავთ ისტორიულ შანსს.
ჩვენი კონსულტაციები გრძელდება ყველა ორგანიზაციასთან, მთავარი მოქმედი პირი, ინიციატორი არის ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა, რომელიც არის ძალიან აქტიური ამ საკითხში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ყველანაირ მოქმედებაზე იმისთვის, რომ არ დავაგვიანოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაცვის საკითხში და გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებებზე, იქნება ეს აქციები, პროტესტი, თუ სხვადასხვა ფორმა, რომელმაც უნდა გამოიღოს შედეგად ნიკა გვარამიას შეწყალება“, - განაცხადა ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები პრეზიდენტ ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
0
0