
„ოპოზიცია სამთავრობო გუნდისთვის მხარის არ დაჭერის მიზეზების ძებნით არის დაკავებული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ მედიას განუცხადა.
მისივე თქმით, მაღალკვალიფიციური სამთავრობო შემადგენლობაა წარმოდგენილი, რომელსაც ყველა გამოწვევასთან გამკლავება შეუძლია.
„მაღალკვალიფიციური სამთავრობო შემადგენლობაა და, ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად ყველა გამოწვევასთან გამკლავების შესაძლებლობა აქვთ. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ან მათ მიერ დასმულ კითხვებს, ალბათ, ჯობია, სერიოზულად არ გავცეთ პასუხი და ხუმრობით ვთქვათ, რომ მაინცდამაინც სერიოზულად, დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. ისინი უფრო მეტად სამთავრობო გუნდისთვის მხარის არ დაჭერის მიზეზების ძებნით არიან დაკავებული,“ - განაცხადა სარჯველაძემ.
რაც შეეხება 6 თებერვალს პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენას, სარჯველაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნას ოპოზიციის მხარდასაჭერად გამოიყენებს.
„მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ანგარიში მისი საქმიანობის შესახებ. უფრო მეტად ეს პლატფორმა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ კვლავ ოპოზიციის მხარდაჭერა გაამძაფროს, რომელიც ბოლო პერიოდში მის საქმიანობაში შეინიშნება. გამიხარდება, თუ აღმოჩნდება, რომ ვცდები,“ - განაცხადა სარჯველაძემ.
0
0