25/12/2021
22:45
პოლიტიკა
სააკაშვილი ტაქტიკას ცვლის და მძიმე ავადმყოფად ცდილობს თავის წარმოჩენას. პარალელურად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რეკომენდაციას სთავაზობს „ნაცმოძრაობას“, რომ ეს პარტია უნდა დავიწროვდეს, ახალი თაობის „ნაციონალები“ დარჩნენ პოლიტიკაში, ხოლო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის შემქნელებმა – სააკაშვილმა, უგულავამ, ბოკერიამ პასუხისმგებლობა აიღონ. როგორ ფიქრობთ, ამისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, რომ სხვებს დაუთმოს ასპარეზი?
– ილარიონოვმა პირდაპირ დაწერა და მეც ვეთანხმები, რომ შეცდომა იყო საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა. შეიძლება, პარალელები გაგვახსენდეს 2008 წლის ომთან მიმართებით, როცა სააკაშვილის გარემოცვას ეგონა, რომ რუსეთი ჩუმად იქნებოდა. ახლაც კიევში რომ ჩადიოდნენ საქართველოდან სააკაშვილის თანამოაზრეები, არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ სააკაშვილს.
სხვათა შორის, თემურ ალასანიამაც საყვედური ვერ დაფარა სააკაშვილის თანამოაზრეთა მიმართ, უკრაინაში მიშასთან რომ ჩადიოდნენ, საქართველოში დაბრუნებას ურჩევდნენ, ქართველი ხალხი გელოდებაო.
– დიახ, მას არწმუნებდნენ, ჩამოდი და მთელი საქართველო გამოვაო. ამიტომაც იყო, სააკაშვილი რომ გამოვიდა სიტყვით, რას ამბობდა? ქართველი ხალხი მეც გამათავისუფლებს და საქართველოსაცო. საქართველოს გათავისუფლება არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ქართველი ხალხი რომ დღე და ღამე არ ოცნებობს, ესეც ფაქტია. რეგიონებს დავანებოთ თავი, მილიონნახევრიან ქალაქში რომ 50 ათასი კაციც ვერ გამოგყავს ქუჩაში, ეს უკვე სიმპტომია. ამას არ სჭირდება სპეციალური მარშრუტები და რეგიონებიდან ხალხის წამოყვანა, მილიონნახევრიანი ქალაქია თბილისი.
სააკაშვილი რატომ ენდობოდა საქართველოდან ჩასულ ადამიანებს, ვინც მას არწმუნებდა, დაბრუნებულიყო სამშობლოში? რატომ არაფერს უჯერებდა დედამისს, რომელმაც ერთხელ სინანულით აღნიშნა კიდეც, კარგა ხანია, ჩემი შვილი არ მიჯერებსო? გიული ალასანია უფრო სიმართლეს არ ეტყოდა? ალასანიამ ხომ კარგად იცოდა, რა განწყობაც იყო სააკაშვილის მიმართ ქართველ ხალხში? ან ოჯახის სხვა წევრებთან რატომ არ ამოწმებდა ინფორმაციას? მით უმეტეს, რომ ახლახანს გამართულ სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა არც დამალა, ყველაზე მეტად სანდრას ვენდობიო.
– ადამიანი უფრო უჯერებს იმას, რისი გაგონებაც უნდა. ეს ფსიქოლოგიური მომენტია. ასევე მოხდა აგვისტოს ომის წინა პერიოდშიც. სად იყო გენშტაბი მაშინ? მაშინდელი გენერალური შტაბი რატომ არ აგებს პასუხს? ახლაც ვიღაცები არწმუნებდნენ, ჩამოსულიყო. დღეს ნანობს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, არ ვიცი, მასთან არ მისაუბრია.
ყოველ შემთხვევაში, ფსიქოლოგიური პრობლემების მოტივით გათავისუფლება მისი შემდგომი კარიერისთვის და ზოგადად, მისი იმიჯისთვის კარგი არ უნდა იყოს. უღირს კი საერთოდ ამ მოტივით დახსნა საპყრობილიდან?
– ჯერ ერთი, არავინ არ იცის, სამომავლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობა როგორი იქნება. ზოგიერთ ექიმს თუ დავუჯერებთ, ძალიან დიდხანს დასჭირდება მკურნალობა, ბოლოს და ბოლოს, მიშა 27 წლის ხომ აღარ არის? 54 წლისაა, უკვე ასაკშია. პოლიტიკოსისთვის ეს ასაკი არაა, მაგრამ, თუ ბრძოლას აპირებს, იქ უკვე ასაკია მნიშვნელოვანი. მისი გათავისუფლების ერთადერთ ვარიანტად მეჩვენება უკრაინისთვის მისი გადაცემა, რადგან უკრაინის მოქალაქეა. თუ ამ ხელისუფლებას მართლაც უნდა შერიგება, უბრალოდ შერიგება არ ხდება. იმ დღეს გაიხსენეს ნელსონ მანდელა და სისულელეებს ლაპარაკობდნენ, სინამდვილეში, ნელსონ მანდელა ჯერ გაათავისუფლეს და მერე მოხდა შერიგება, უკრაინაში იულია ტიმოშჩენკო და 5 კაცი იანუკოვიჩის ციხეში ისხდნენ და მერე მოხდა უსისხლოდ ხელისუფლების შეცვლა. თუკი სააკაშვილი უნდა გადასცენ უკრაინას, მისი გადაცემა აქტივში არ ჩაეთვლება მოქმედ პოლიტიკოსს, ანუ სააკაშვილს. ე.ი. ეს ნიშნავს, რომ შეწყალებით გაათავისუფლებენ სააკაშვილს. ისე, მანდელაც შეწყალებით გათავისუფლდა და იულია ტიმოშჩენკოც. მანდელა იმის მერე პრეზიდენტად იქცა და დღემდე ლეგენდად რჩება.
ვრცლად: https://for.ge/
0
0