29/11/2021
15:35
პოლიტიკა
„საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამონაწილეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. მინდა, ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება, ყოფილიყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ, ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ, როდესაც ბანდიტების ხელშია ახლა საქართველო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილი 3 ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს. სადაც მსჯავრდებული საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო.
მის დაკავებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიცია სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში ითხოვდა.
8 ნოემბერს მსჯავრდებული სააკაშვილი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №18 გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა. რასაც ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა. ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.
19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. სადაც შიმშილობის დასრულების შემდეგ მკურნალობის კურსს გადის.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025