10/09/2022
20:48
პოლიტიკა
„ლელო“ - ასეთი პარტია არ არსებობს, არსებობს ერთი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იყოფა, „ნაციონალურ მოძრაობად“, „ლელოდ“ და „სტრატეგია აღმაშენებლად“, ვაშაძის ორკაციანი პარტია რომ არის. რეალურად ეს არის ერთი ბირთვი, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს დაზიანებისათვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების თაობზე „ლელოს“ მოთხოვნასა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „უსამშობლო ადამიანებით დაკომპლექტებული ომის და ღალატის პარტია ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას“.
„ვერ წარმომიდგენია, ამდენი „ფეიკის“ საფუძველზე, ამდენი ყალბი, პოპულისტური შუამდგომლობის დაყენება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ დაზიანდეს „ქართული ოცნება“, ოღონდ სახელმწიფოს დაზიანების ხარჯზე. რასაც ეს ხალხი და მათი პატრონები აკეთებენ, იწვევს ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქის იმიჯის დაზიანებას, მსოფლიოს ძალიან ბევრი ხალხის თვალში. მათი ეს ისტერია, რაც ქვეყნის შიგნით არის და მერე გააქვთ ქვეყნის გარეთ, იწვევს საქართველოს დაზიანებას, არ ერიდებიან, ოღონდ დააზიანონ „ქართული ოცნება“ და ამას მიყვება ქართული სახელმწიფოც. ეს არის საქართველოს მტრობა და სწორედ ამიტომ ვეძახით ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანებს. უსამშობლო ადამიანებით დაკომპლექტებული ომის და ღალატის პარტია ვერასოდეს წარმატებას ვერ მიაღწევს, არათუ ამ რაღაც მიკრო თემებში, არამედ ვერცერთ დიდი თემაში. ამის პირობას ვაძლევთ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მტრობაში არავის გაუმარჯვია - საბოლოოდ ეს ქვეყანა იმარჯვებს ხოლმე. აქ არ არის საუბარი „ქართული ოცნებაზე“, მმართველ გუნდზე და მოსახლეობის ნახევარზე, რომელიც ჩვენ გვიჭერს მხარს და ა.შ. აქ არის საუბარი საქართველოზე და მის ეროვნულ ინტერესებზე. ეროვნული ინტერესები არ დამარცხდება, ამას უნდა შეეგუონ და სისულელეებს დაანებონ თავი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ლელო“ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. პარტიის ერთ-ერთ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი „ღია კარის“ პოლიტიკა დანაშაულებრივია და დიდ საფრთხეს შეიცავს. მისი თქმით, „პუტინის დანაშაულებებზე პასუხისმგებლობას მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ“.
0
0