15/11/2024
09:24
პოლიტიკა
მათთვის არსებობდა პროგრამა მაქსიმუმი და პროგრამა მინიმუმი. პროგრამა მაქსიმუმი, რა თქმა უნდა, იყო ხელისუფლების შეცვლა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ არსებობდა ასევე პროგრამა მინიმუმი, ეს იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაწევრება, რათა იმაზე მეტი შედეგი მიეღოთ, მათ შორის 5-პროცენტიანი ბარიერის გათვალისწინებით, ვიდრე სხვა შემთხვევაში მიიღებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციის პატრონების გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, მათ პროგრამა მინიმუმი წარმატებით შეასრულეს და შეძლეს, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ოთხ პარტიად დაეშალათ და საბოლოოდ, პარლამენტში ოთხი სუბიექტის შეყვანა მოახერხეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთლიანობაში ამ ოთხმა პარტიამ მიიღო 38 პროცენტი მაშინ, როდესაც ერთი „ნაცმოძრაობის“ პირობებში 25 პროცენტით შევიდოდა ერთი პოლიტიკური პარტია პარლამენტში, შესაბამისად, მისი ვარაუდით, პატრონები ამ მიღწევას მოუფრთხილდებიან და ოთხივე პარტიას პარლამენტში შესვლის დავალებას მისცემენ.
„რომ ავიღოთ წინა არჩევნების შედეგები, მაშინ დაახლოებით 30 პროცენტი მიიღო „ნაცმოძრაობამ“, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ვგულისხმობ, მაშინ დაბალი იყო ბარიერი, მაგრამ თეორიულ 5-პროცენტიან ბარიერს ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ლახავდა. „ლელოს“ ჰქონდა 3 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა ოთხ პროცენტამდე და ა.შ. ხუთი პროცენტი არც ერთ პარტიას არ ჰქონდა. იგივე რომ გამეორებულიყო ახლა, „ნაცმოძრაობა“ აიღებდა 30 პროცენტზე ცოტა ნაკლებს, რადგან ჩვენი პროცენტი გაიზარდა. პირობითად ავიღოთ 25 პროცენტი „ნაცმოძრაობას“, მაგრამ მაღალი ალბათობით, ვერც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავდა საარჩევნო ბარიერს. პროგრამა მინიმუმი რა იყო, რასაც მიაღწიეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებმა – მათ დაშალეს ოთხ ნაწილად ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და საბოლოო ჯამში მოახერხეს ის, რომ ოთხი პარტია შეიყვანეს - რა თქმა უნდა, ეს ფიქტიური პარტიებია, საბოლოო ჯამში ერთი პოლიტიკური ძალაა, მაგრამ, ოთხ სუბიექტად შეიყვანეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში. მთლიანობაში ამ ოთხმა პარტიამ მიიღო 38 პროცენტი, ანუ ბარიერგადალახულმა პარტიებმა მთლიანობაში აიღეს 38 პროცენტი, როდესაც ერთი „ნაცმოძრაობის“ პირობებში 25 პროცენტით შევიდოდა ერთი პოლიტიკური პარტია პარლამენტში. ეს მათთვის არის შედეგი, მიღწევა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მგონია, რომ საბოლოო ჯამში, პატრონები დავალებას მისცემენ ამ ოთხივე პარტიას, რომ ისინი ბოლოს შევიდნენ პარლამენტში, რადგან ეს არ არის დასაკარგი შედეგი მათთვის. პროგრამა მინიმუმი არის შესრულებული და შესაბამისად, ისინი ამ შედეგს აუცილებლად გაუფრთხილდებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0