როგორც „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, ის არ მიიღებს მონაწილეობას ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მიზნით დაგეგმილ მოლაპარაკებებში, რომელიც 15 აგვისტოს დოჰაში განახლდება.
„პალესტინის შეიარაღებულ დაჯგუფებას სურდა, რომ გეგმა შემოთავაზებულ შეთანხმებაზე ყოფილიყო დაფუძნებული, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მაისის ბოლოს გამოაქვეყნა, ისრაელს კი ახალი პირობების დამატება სურს“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამ ნეთანიაჰუმ კი „ჰამასის“ ბრალდება უარყო და დასძინა, რომ სწორედ „ჰამასი“ ითხოვდა შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები „ჰამასის“ გარეშე განახლდება, რადგან ამერიკელი, ეგვიპტელი და კატარელი შუამავლები აცხადებენ, რომ ისინი შეეცდებიან, მოლაპარაკებები გამოიყენონ გეგმის შესამუშავებლად, რომელიც დარჩენილ საკითხებს გადაჭრის.
0
0