28/11/2023
12:17
მსოფლიო
„ჰამასი“ აბრკოლებს 10 თვის ბავშვის - კფირ ბიბასის გათავისუფლებას, რომელიც ღაზას სექტორში მდებარე ქალაქ ხან-იუნისში ჰყავთ დატყვევებული, - განაცხადა ისრაელმა 27 ნოემბერს. როგორც ცნობილია, კფირ ბიბასი „ჰამასელების“ მიერ მძევლად აყვანილ ყველაზე პატარა ტყვეს წარმოადგენს.
მოსალოდნელია, რომ ისრაელის არმიის მორიგი სამიზნე ქალაქი ხან-იუნისი გახდება, რაც ამაღლებს იმის ალბათობას, რომ ახალშობილის ბედი დამატებითი ბერკეტი იქნება ზავის გასაგრძელებლად.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანთის განცხადებით, ღაზას სექტორში ბრძოლის განახლების შემთხვევაში, როცა მძევალთა გაცვლის მიზნით დადებულ ზავს ვადა გაუვა, ისრაელი იგივე ინტენსიურობით გააგრძელებს საომარ მოქმედებებს.
27 ნოემბერს ისრაელმა და „ჰამასმა“ მოილაპარაკეს, რომ ოთხდღიან თავდაპირველ ზავს დამატებით 48 საათით გახანგრძლივებდნენ, 20 მძევლის გათავისუფლების მიზნით.
„ჰამასმა“ ცხრა ბავშვი გაათავისუფლა, მათ შორის სამი წლის ტყუპები და ორი ქალი, მაგრამ ისრაელის აღშფოთება გამოიწვია „ჰამასის“ განცხადებამ, რომ ის 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ 10 თვის კფირისა და მისი ოთხი წლის ძმის არიელის გათავისუფლების საკითხს აღარ აკონტროლებს. ზოგიერთი ცნობით, ისინი ღაზას სექტორში თავიანთ მშობლებთან ერთად იმყოფებიან.
მაიკლ გოროვიცის - უსაფრთხოების სფეროს ანალიტიკოსის თქმით, როგორც ჩანს, კფირ ბიბასი, მისი ძმა და მშობლები „ჰამასმა“ პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტს გადასცა, რომელიც მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის მქონე ტერორისტულ დაჯგუფებას წარმოადგენს. ამასთან, კონტრ-ადმირალ დენიელ ჰაგარის განცხადებით, იმის მიუხედავად, თუ ვის გადაეცა მძევლები, პასუხისმგებლობა მაინც „ჰამასს“ ეკისრება.
ორშაბათს კატარის ტელევიზიით გამოსვლისას „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა იზათ ალ-რიშეკმა აღნიშნა, რომ დაჯგუფება მზადაა ისრაელს ტყვე ჯარისკაცების გათავისუფლების მიზნითაც მოელაპარაკოს, ცალკე შეთანხმებით. ეს ნიშნავს, რომ მატულობს ალბათობა იმისა, რომ ისრაელს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება - გაათავისუფლოს თუ არა საპატიმროდან ათასობით პალესტინელი, რომლებიც ტერორიზმის ბრალდებით იხდიან სასჯელს. სხვათა შორის, 2011 წელს „ცახალის“ ჯარისკაცის გილად შალითის „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლების მიზნით, ისრაელმა ციხიდან ათობით პალესტინელი პატიმარი გაუშვა.
0
0