04/11/2021
14:35
მსოფლიო
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ბოლო დროს საქართველოს (რომელიც ღვინის უძველეს სამშობლოდ არის მიჩნეული) მევენახეობა-მეღვინეობის მხარეს - კახეთს, კავკასიის მთების ძირში მდებარე რეგიონს, კლიმატური პრობლემები გაუჩნდა - სულ უფრო მატულობს სეტყვის სიხშირე და ინტენსივობა, თანაც ისეთ დროს, როგორშიც ადრე არ ხდებოდა. ავტორი ესაუბრება სოლომონ ნერსეზაშვილს, რომელსაც აგვისტოს ბოლოს მოსულმა ძლიერმა სიტყვამ უკვე მწიფე ყურძენი მთლიანად გაუნადგურა. მისი თქმით, „ძმამ მირჩია მეურნეობის პროფილი შევცვალო და მევენახეობიდან მეთხილეობაზე გადავერთო - მიზეზი მარტივია: სეტყვისაგან ვენახი რეგულარულად ნადგურდება, მის აღდგენას კი ძალიან დიდი თანხები ჭირდება“.
საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ღვინო და ღვონომასალები ქვეყნის ექსპორტის თითქმის 9%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის რეგიონები საერთაშორისო ტურიზმის საკვანძო ობიექტად ითვლება - ღვინო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. „მაგრამ იმავდროულად კახეთში, რომელიც საქართველოს მეღვინეობის მთავარ რეგიონს წარმოადგენს, ასამდე მევენახე უკვე თხილის მოშენებაზე გადაერთო. „თხილი უფრო გამძლეა და უფრო მომგებიანი“, - იმოწმებს ავტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის სააგენტოს თანამშრომლის ნიკა ბერიაშვილის ნათქვამს.
რაკეტული შეტევა სეტყვის წინააღმდეგ
საქართველოში სეტყვის პრობლემას ხელისუფლება ყურადღებას აქცევს და ამიტომ, ზარალის შესამცირებლად, მთავრობამ რამდენიმე წლის წინ ააღორძინა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტული სისტემა, რომელიც ღრუბლების გაფანტვას ემსახურება. სისტემა თავდაცვის სამინისტროს მმართველობაში შედის და 80 გასაშვები დანადგარით სარგებლობს. როგორც კომპანია „დელტამ“ განაცხადა, 2020 წელს გაშვებული იქნა 4700 რაკეტა - თითოეულის ღირებულება დაახლოებით 1400 ლარს (450 დოლარს) შეადგენს. მართალია, კახეთში არის ე.წ. „ბრმა ზონები“, რომლებსაც რაკეტული სისტემა ვერ ფარავს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საქართველოს სოფლის მეურნეობას 90 მილიონი ლარის პროდუქცია გადაურჩინა. ამასთან, ზოგიერთი ფერმერი რაკეტებს არ ენდობა: „ისინი ღრუბლებს კი ესვრიან, მაგრამ სეტყვა მაინც მოდის“, - ამბობს იზაბელა სოღოლაშვილი, რომლის ვენახი აგვისტოში მოსულმა სეტყვამ გაანადგურა.
რასაკვირველია, მთავრობა სტიქიური უბედურებით დაზარალებულ გლეხებს ეხმარება - ფერმერებს დაპირდნენ, რომ დაზიანებული ყურძნის მოსავალს შეისყიდდნენ და ზარალს გარკვეულწილად აუნაზღაურებდნენ. ამგვარი ძალისხმევით ბევრი კახელი ფერმერი, რომელიც კლიმატის გამო „რისკის ზონაში“ მოხვდა, გადარჩა.
მაგრამ კრიტიკოსების თქმით, ამგვარი ფინანსური დახმარებებით მევენახეობა-მეღვინეობის დარგი არ განვითარდება, რადგან ხდება რაოდენობის და არა ხარისხის სტიმულირება. გარდა ამისა, სამომავლოდ, კლიმატის გაურესების კვალობაზე, ამგვარი ხარჯები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დარგს არარენტაბელურს გახდის.
მოსავლის დაზღვევის პრობლემა
როგორც ქართველ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე ამბობს, მთავრობამ ინვესტიციები უმჯობესია ფერმერული მეურნეობების მომზადებას მოახმაროს კლიმატის სამომავლო ცვლილებებისათვის. იგივე თვალსაზრისი აქვს ამერიკელ ღვინის მწარმოებელ ჯონ ვურდემანს, რომელიც საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს. მისი თქმით, კრედიტები უნდა მოხმარდეს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების და სხვა მსგავსი დანიშნულების ტექნიკის შეძენას, აგრეთვე უახლესი მეტეოროლოგიური სადგურების დამონტაჟებას: „მე ამინდის პროგნოზში ნორვეგიელ სპეციალისტებს უფრო ვენდობი, ვიდრე ადგილობრივებს. აქაური პროგნოზი ზუსტი არ არის“.
კიდევ ერთი პრობლემაა მოსავლის დაზღვევა. ფერმერები სადაზღვევო სისტემის გაუმჯობესებას მოითხოვენ. საქმე იმაშია, რომ ზარალის კომპენსაცია სხვადასხვა ყურძნის ჯიშის მიმართ სხვადასხვაა, მაგალითად, წითელი და თეთრი ყურძნის იშვიათი ჯიშებისათვის. ჯონ ვურდემანის აზრით, „ასეთი დაყოფა ცოტა სასაცილოც კი არის, რადგან ზარალით ყველა ერთნაირად ზარალდება, სეტყვა არ არჩევს ყურძნის ჯიშს, ამ დროს ყველა ერთნაირად ნადგურდება“. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის ხელისუფლება მუშაობს და სადაზღვევო სისტემის გაუმჯობესებისას საერთაშორისო გამოცდილებით ისარგებლებს.
მტკიცე ტრადიცია გაგრძელდება
პრობლემების მიუხედავად, საქართველოში მევენახეობა-მეღვინების დარგი ბოლო წლებში მაინც ვითარდება. ტატა ჯაიანის, ქართული ღვინის ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, ქართულმა ღვინომ თავისი მედეგობა და კონკურენტუნარიანობა ჯერ კიდევ 2008 წლის რუსული ემბარგოს დროს დაამტკიცა, როცა მეღვინეებმა ალტერნატიული ბაზრების ძიება დაიწყეს.
„ღვინო საქართველოსთვის არამარტო ბიზნესის ობიექტია, არამედ მასში ქართველი ერის თვითმყოფადობა და კულტურაც არის გამოხატული. ქართველები არასოდეს არ შეწყვეტენ ვენახის გაშენებას და ღვინის წარმოებას, თუნდაც გაზრდილი რისკებისა და დიდი ხარჯების პირობებში“, - ამბობს ტატა ჯაიანი პუბლიკაციის ავტორთან საუბრისას.
რაც შეეხება ფერმერ სოლომონ ნერსეზაშვილს, ის ამბობს, რომ ძმის რჩევის მიუხედავად, მან მაინც ვერ შეძლო იმ ვენახის მიტოვება, რომელიც მამამისმა ათეული წლების წინ გააშენა.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025