24/03/2023
12:48
პოლიტიკა
„განურჩევლად იმისა, რამდენი ფული აქვს, რამდენად ცნობადი სახეა, ან ვინ არის საერთოდ, ყველა უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ასევე, კრიტიკულ მედიაზე წნეხის კონტექსტში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მოიტანა მაგალითად და დაინტერესდა - რამდენად თავსებადია ეს ყველაფერი ევროპულ ღირებულებებთან.
ამაზე პასუხად, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მედიის თავისუფლება 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და დაუშვებელია სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაც.
„რაც შეეხება მედიისა და პრესის თავისუფლებას, ეს რა თქმა უნდა, ევროკავშირის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია. ევროკავშირსა და საქართველოს შორის 12 პრიორიტეტი ამას ითვალისწინებს. მედიის თავისუფლება, კორუფციის დაძლევა და კანონის უზენაესობა. ორივე შემთხვევაში, ერთი მხრივ ყველა მტკიცებულება უნდა გადამოწმდეს, სადაც გარკვეული შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს, მაგალითად პრესის თავისუფლებაზე. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია სასამართლო სამართალწარმოება, ბუნებრივია, დაუშვებელია ამაში ჩარევა და ზეწოლა. ეს არის კანონის უზენაესობა განურჩევლად იმისა, რამდენი ფული აქვს, რამდენად ცნობადი სახეა, ან ვინ არის საერთოდ - ის უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
0
0