
„ევროკავშირი არავის აძალებს რომ შეუერთდეს მას“, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა შეასრულოს რეკომენდაციები, რისთვისაც ვადა სექტემბრამდე აქვს.
ამასთან იოზვიაკი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს ბრიუსელსა და სტრასბურგში აუცილებლად მიიღებენ მხედველობაში.
„მსგავს კრიტიკულ რეზოლუციებს იღებენ ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა მაგალითად - რუსეთი და ბელორუსი. თუმცა ბოლო პერიოდში ევროპარლამენტს ასეთი კრიტიკული რეზოლუცია ნამდვილად არცერთი ქვეყნის შესახებ არ მიუღია.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ევროპარლამენტარების და ევროკავშირის მიმართ ნიშნავს იმას რომ ისიანი არ არიან დაინტერესებული ევროკავშირით და არ სურთ, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ამას აუცილებლად მიიღებს ბრიუსელი მხედველობაში. ევროკავშირი არავის აძალებს რომ შეუერთდეს მას.
საქართველოს ძალიან ნათლად უთხრეს, რომ თუ კანდიდატის სტატუსი სურს, უნდა შეასრულოს რეკომენდაციები, რისთვისაც ვადა სექტემბრამდე აქვს. ხელისუფლებას შეუძლია ამაზე უარი თქვას, მაგრამ საბოლოოდ ვერ უარყოფენ იმას რასაც ევროკავშირი, ევროპული კომისია და 27 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს“, - აცხადებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი.
0
0