
ერთმა ოპოზიციონერმა თქვა, რა თქმა უნდა ჩვენ იარაღზეც უნდა გავიკრათ ხელი, თუ ეს ჩვენს სამშობლოს სჭირდებაო. სამშობლოს ყველაზე მეტად რაც არ სჭირდება დღეს, არის იარაღზე ხელის გაკვრა, თან სამოქალაქო დაპირისპირებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ პირველივე საათებში სიმწრის სიცილი დაიწყო სუსის განცხადებაზე.
თალაკვაძის აზრით, საზოგადოება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ოპოზიცია წამსვლელია არეულობაზე. მისივე შეფასებით, ძალადობასა და პროვოკაციას დიდი საზოგადო მხარდაჭერა არ სჭირდება.
„სუსმა საზოგადოებას უთხრა, რომ არის მცდელობები და კონკრეტული ორგანიზატორები გამოკვეთილი, რომლებსაც უნდათ, რომ ქვეყანაში ძალადობრივი პროცესები წაახალისონ და რამენაირად არჩევნების ყუთის გვერდის შემოვლით ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ჩვენ ამაზე გამოძიება დავიწყეთ და ვიზრუნებთ, რომ ამის პრევენცია გავაკეთოთ. ეს ოპოზიცია გამოდის და პირველივე საათებში ეს თემა გადააქვს სახუმარო რეჟიმში. სიმწრის სიცილი დაიწყეს თავიდან, უნდოდათ სახუმარო ჟანრში გადაეტანათ ეს ბრიფინგი. მერე თქვეს, ეს მერამდენედ უნდა თქვას სუსმა, რომ აქ გადატრიალებები მზადდებაო. საბურავები გაიხსენეს და ა.შ. მაგრამ რეალურად პარლამენტზე ძალადობრივ თავდასხმას რომ ახორციელებდნენ, სახელმწიფომ რომ აღკვეთა და პასუხისგებაშიც მისცა ხალხი, ეს არ გაახსენდათ. არც ის გაახსენდათ ცესკოს რომ ესხმოდნენ თავს და სავარაუდოდ, იქ ბიულეტენების განადგურება რომ უნდოდათ და არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება, ამაზეც რომ იმოქმედა სახელმწიფომ და პასუხისგებაში მისცა ხალხი, ესეც არ გაახსენდათ. ხალხს უთხრეს, ასე ხელისუფლება ყოველთვის ლაპარაკობს, მაგრამ არანაირ რეაგირებას არ აკეთებსო. ძალიან კარგადაც აკეთებს რეაგირებას და რეაგირება რომ არ ყოფილიყო, იმ პარლამენტსაც გადაწვავდნენ და იმ ბიულეტენებსაც. არ გამოუვიდათ ეს სახუმარო ექსპერიმენტი და მეორე დღეს დაიწყეს ახალი პოლიტიკური სიმღერა, პირდაპირ დაადასტურეს სუს-ის ბრიფინგი. ერთმა ოპოზიციონერმა თქვა, რა თქმა უნდა ჩვენ იარაღზეც უნდა გავიკრათ ხელი, თუ ეს ჩვენს სამშობლოს სჭირდებაო. სამშობლოს ყველაზე მეტად რაც არ სჭირდება დღეს, არის იარაღზე ხელის გაკვრა, თან სამოქალაქო დაპირისპირებაში. მეორემ თქვა, ყველა უნდა დავირაზმოთო, პატიმრობიდან განაცხადა და პირდაპირ დაადასტურა ეს გამოძიება. იქ კიდევ ბევრნი არიან, რომლებმაც ამის საჯაროდ დადასტურება ვერ გაბედეს, მაგრამ საქმით ყოველდღე ადასტურებენ ამას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
0
0