19/05/2023
15:45
მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტზე, რომელიც ჰიროსიმაში პარასკევს დაიწყო, რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ ახალი სანქციების პაკეტს განიხილავენ.
როგორც ამერიკული გამოცემა Bloomberg-ი იუწყება, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა გადაწყვიტეს, არ დააწესონ ისეთი სანქციები, რომლებიც რუსეთში ექსპორტის თითქმის პირდაპირ აკრძალვას ითვალისწინებს, ამის ნაცვლად კი გაფართოვდება არსებული შეზღუდვები ისეთი ძირითადი სექტორების მიმართ, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და ბიზნეს მომსახურება. დღემდე შეღავათები ეხებოდა მედიკამენტებს, სასოფლო-სამეურნეო საქონელს და საკვებს.
გარდა ამისა, გამკაცრებული სანქციები ამოქმედდება განსაკუთრებით მესამე ქვეყნების მიმართ, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი აკრძალული საქონლის იმპორტს ახორციელებს. „დიდი შვიდეულის“ ლიდერების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი სანქცია რუსული ალმასის იმპორტის ტოტალურ აკრძალვას ითვალისწინებს. აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, „დიდი შვიდეულის“ წევრები ერთად იმუშავებენ რუსული ბრილიანტის ვაჭრობის შეზღუდვის მიზნით და მიიღებენ ზომებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მატერიალურად მხარს უჭერენ უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს.
როგორც გამოცემა წერს, „დიდი შვიდეულის“ ზოგიერთი წევრისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთული იქნება განსახორციელებლად იმ სხვადასხვა სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემის გათვალისწინებით, რომლებიც, მათ შორის, ევროკავშირში არსებობს. რუსეთში ექსპორტის თითქმის სრული აკრძალვა ასევე ევროკავშირის ყველა სახელმწიფოსგან თანხმობას მოითხოვს.
0
0