14/12/2021
12:33
პოლიტიკა
ადვოკატის თქმით, პირველი წარმატება იყო, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 8 ფაქტი გამოავლინა დარღვევის მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
„ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რითაც შეიძლება დავადასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს მხრიდან, რეჟიმის მხრიდან გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ჩვენ ვნახეთ უკვე პირველი წარმატება ამ გზაზე, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა 8 ფაქტი დარღვევის, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვება გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ასევე, მისი ღირსების შემლახველი მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.
ჟურნალისტის კითხვას, თუ არის მოსალოდნელი რომ ამ დასკვნების საფუძველზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვოთ? სააკაშვილის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:
„ალბათ ყველაზე უპრიანია რომ დაველოდოთ დასკვნებს, გავეცნოთ მათ შინაარსს და იმის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება თუ რა მიმართულებით შეიძლება გამოვიყენოთ. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს განცხადებას, რეალურად სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ ექიმების მიერ მომზადებული დოკუმენტების საფუძველზე და არა პოლიტიკური შინაარსის დღის წესრიგის გამო, რაც არაერთხელ მოხდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილზე შურისძიების მიზნით და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების მიზნით იგი გადაიყვანა არა კერძო კლინიკაში, არამედ გლდანის მეთვრამეტე დაწესებულებაში“, - აღნიშნავს ადვოკატი.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას, ადვოკატი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ექიმების მომზადებული დოკუმენტების საფუძველზე უნდა მიიღოს და არა პოლიტიკური მოტივებით.
0
0