31/07/2022
14:17
სამართალი
ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
ამასთან, პროკურორი ამბობს, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი მხარის გაკვრის გამო დაიწყო.
„კონფლიქტი უმნიშვნელო ნიადაგზე დაიწყო, ერთმანეთისთვის მხარის გაკვრის გამო, რამაც იქ არსებული ურნა წააქცია და ამის შემდეგ უკვე მხარეებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რაც შეეხება უშუალოდ კონფლიქტს, ყველა პირი, რომელიც გამოიკვეთა, რომ ხულიგნობაში მონაწილეობდა, პასუხისგებაშია მიცემული. იქ უამრავი ადამიანი იყო, მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ეს ყველაფერი და ჩხუბი, ლანძღვა-გინება დაიწყეს.
რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს, ისიც პასუხისგებაში არის მიცემული. კონფლიქტი დაიწყო გიორგი ხორავამ და შემდეგ სხვა პირებთან ერთად გაგრძელდა“, - განაცხადა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა.
ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
0
0