-share.jpg)
ის, რაც ხდება, გუნდის წევრების ცვლა და სხვა პოზიციაზე გადაყვანა, არის ჩვეულებრივი ამბავი და არცერთი ევროპული ქვეყანა არ არის, სადაც მსგავსი რამ არ ხდება, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„მით უმეტეს, იმ გუნდში, რომელიც, ათი წელია, ხელისუფლების სათავეშია. ეს იყო ტაქტიკური ნაბიჯი, გუნდის შიგნით მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, მაგისტრალური მიმართულება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, ბუნებრივია, არ შეიცვლება.
წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ახალი პრემიერ-მინისტრის განახლებულ სამთავრობო პროგრამას და გზავნილს – „ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე“, გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ამის პერსპექტივა არსებობს და ამის შესაძლებლობა გააჩნია ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ასეთი მოთხოვნები დააყენა და შექმნა პირობები, რომ ხელისუფლებას ამის განხორციელება შეძლებოდა.
„რას შეცვლის მმართველ პარტიაში ბიძინა ივანიშვილის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში და როგორია მისი დაბრუნების ეფექტი“, ამ კითხვაზე გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დღევანდელი საქართველოს არქიტექტორი და ამას ლაპარაკი არ უნდა.
0
0