
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გამართა. შეხვედრას ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ საბჭოს ახალი სერვისების დანერგვის ინიციატივა გააცნო, რომლებიც მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან მიმდინარე კონსულტაციების საფუძველზე ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით განისაზღვრება. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მერების უმრავლესობა სრულად იზიარებს დაგეგმილი სერვისების აუცილებლობას და მათ ადგილობრივი გამოწვევების ეფექტიან ინსტრუმენტად მიიჩნევს.
ამ ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ.
„დავსახეთ არაერთი გეგმა, თუ როგორ გაუმჯობესდება სერვისების მიწოდება თითოეულ მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია ის, რომ თვითმმართველობა ყოველდღიურად ძლიერდება და სწორედ ეს არის მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საბჭოს წევრებმა წარდგენილი გეგმა დადებითად შეაფასეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მუნიციპალური საჭიროებების უკეთ ასახვის მიზნით კონსულტაციების პროცესი ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება.
სხდომაზე განიხილეს ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხი. მათ შორის ა.თ.ე.ა-სა და UN Women-ის პარტნიორობით ADA-ს მხარდაჭერით ინიცირებული პროექტი, რომელიც დმანისსა და კასპში ინტეგრირებული ზრუნვის საპილოტე ჰაბების დაფუძნებას ითვალისწინებს.
საბჭომ მხარი დაუჭირა ა.თ.ე.ა-სა და სომხეთის თემთა გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რაც მუნიციპალური კადრების პროფესიულ განვითარებას, საგრანტო შესაძლებლობების გაზიარებას, ერთობლივ პროექტებსა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას მოიცავს.
0
0