10/09/2024
18:10
საზოგადოება
ალავერდის დაზიანებულ სამრეკლოზე, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა, დღეს ახალი ჯვარი აღიმართა.
ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე აბბა ალავერდელმა რადიო „სივრცის“ ეთერში ივნისში მომხდარი ალავერდის სტიქია გაიხსენა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი და მოკლე დროში შესაძლებელი გახდა, სამრეკლოზე ახალი ჯვრის აღმართვა.
„როდესაც ბუნებისგან ეს შემოტევა მოხდა, ეს იყო ღვთისაგან ნიშანი ჩვენდამი სიყვარულის და ღვთისაგან ნიშანი, ჩვენი გაფრთხილების. სიყვარულის ის, რომ არც ერთი მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო ნიშანი გაფრთხილებისა, ის, რომ არ უნდა ვიყოთ გულგრილნი.“- განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში მეუფე აბბა ალავერდელმა.
მისი თქმით, ეს იყო გაფრთხილება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავის შეცდომებს ვერ ხედავენ, რომ ღვთის მოწყალება დიდია და ყველას მოგვკითხავს დიდსა თუ პატარა შეცდომებს.
„როცა ჩვენ ალავერდის ეპარქიაში მოვედით, იქიდან მოყოლებული მიეკუთვნებოდა იმ გადაუდებელი სამუშაოების ნუსხას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ალავერდის ინფრასტრუქტურისა თუ, შიდა სამუშაოების გაუმჯობესებისთვის. მაგრამ, არ მოხერხდა, რომ სრულმასშტაბიანი, დიდი ზომის სამუშაოები დაწყებულიყო. ეს იყო გაფრთხილება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავის შეცდომებს ვერ ხედავენ, რომ ღვთის მოწყალება დიდია და ყველას მოგვკითხავს დიდსა თუ პატარა შეცდომებს. ალავერდზე მოსული განსაცდელი შვებად ექცა მის გარშემო მდებარე სოფლებსა და მოსახლეობას“- განაცხადა მეუფემ.
დღეს ალავერდში ჯვრის აღმართვის ცერემონიას კულტურის მინისტრიც დაესწრო.
ცნობისთვის, ახალი ჯვარი ჩამოსხმულია თითბერში და თითბერშივე არის ის გამშვენებები გაკეთებული, რომელიც მოგვიანებით აღიმართება გუმბათის წვერზე.
ჯვარი დაახლოებით 2 მეტრზე მეტია და ქვის ძირი, რომელზეც ეს ჯვარი უნდა დამაგრდეს, 1 მეტრზე მეტია. ჯვრის ესკიზზე ქართველმა არქიტექტორ-რესტავრატორებმა იმუშავეს.
0
0