10/09/2024
17:55
საზოგადოება
ალავერდის დაზიანებულ სამრეკლოზე, რომელსაც რესტავრაცია უტარდება, დღეს ახალი ჯვარი აღიმართა.
როგორც ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე აბბა ალავერდელმა რადიო „სივრცის“ ეთერში განაცხადა, მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი და მოკლე დროში, შესაძლებელი გახდა სამრეკლოზე ახალი ჯვრის აღმართვა.
„დღევანდელი დღე იყო მონასტრისა და ეპარქიის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ სტიქიის შემოტევის შედეგად დაზიანებული იყო სახურავები, მთავარი საკათედრო ტაძრისა და ასევე სამრეკლოსი. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი და დღეს, აღიმართა ახალი ჯვარი, რომელიც, ვფიქრობ, რომ არის პირველი ნაბიჯი. ჩვენი საკათედრო ტაძრის გუმბათზე სულ ცოტა ხანში აღიმართება თითბერში ჩამოსხმული ახალი ჯვარი და ეს მოვლენა იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ვფიქრობ, უხილავად იცავს საქართველოს უფალი, ხილულად კი ჩვენს ეპარქიას. - განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში მეუფე აბბა ალავერდელმა.
მისი თქმით, ამ საქმეში სახელმწიფოს როლი დიდია.
„მინდა გარწმუნოთ, რომ სახელმწიფოს აქვს უდიდესი როლი. რომ არა მათი ოპერატიული მოქმედება, რომ არა მათი გულმოდგინედ საკითხის შესწავლა და მასზე დაფუძნებული სამუშაო გეგმის განსაზღვრა, ალბათ, დღეს რაც ალავერდში ხდება არ მოხდებოდა. ერთი უბრალო მაგალითის მოყვანა შემიძლია, რომ მილიონზე მეტი ლარის, მარტო ხარაჩო არის შემოტანილი მონასტრის ტერიტორიაზე, რომელიც ტაძარს, ისტორიულ მე-17 საუკუნის სიძველითსაცავს უკვე შემოვლებული აქვს და მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები. ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო, რომ ეკლესიის მხრიდან ამხელა ძალისხმევა ყოფილიყო გაწეული და მყისიერად მომხდარიყო ამ დაზიანებების აღმოფხვრა. ასე რომ, კულტურის სამინისტროს, ქალბატონ მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, ყველას ძალიან დიდი როლი და ღვაწლი აქვს აქ ჩატარებული თითოეული სამუშაოში. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ალავერდის განსაცდელი გულთან მიიტანა და გულმხურვალებით გვერდში დაუდგა. ეს გულმხურვალე დახმარება თითოეული ადამიანის ოჯახებს დაუბრუნდება ღვთის ძალითა და მადლით. ერთსულოვნება საზღვრებს არ ექვემდებარება, სცილდება ყველანაირ საზღვარს“- განაცხადა მეუფე აბბა ალავერდელმა.
რაც შეეხება დაზიანებულ ჯვარს, ჯვარი იყო გვიანი პერიოდის, მე-19 საუკუნის, სპილენძის შენადნობისაგან დამზადებული და ის ალავერდის მონასტრის სიძველეთსაცავშია გადატანილი.
აბბა ალავერდელის თქმით, ჯვარი საკმაოდ უბრალო იერსახის იყო, რომელიც ალბათ მე-19 საუკუნის მიწურულს აღიმართა ტაძრის გუმბათის წვერზე.
„როდესაც ჩვენ ეს ვნახეთ სრულიად დეფორმირებული იყო, რადგან ერთი მკლავის პატარა ნაწილი მოტეხილიც იყო. რადგან ეს იყო ყოველგვარი დამშვენების გარეშე ჯვარი, ვეცადეთ, რომ ახალი ჯვარი ყოფილიყო თავდაპირველზე ზომით დიდი, განსხვავებული და გამშვენებული. ასე რომ უკანასკნელი და ახალი ჯვარი ერთმანეთისგან დიდად სხვაობს - ზომითაც, ფორმითაც და თავისი დამშვენებითაც. ახალი ჯვარი არის ჩამოსხმული თითბერში და თითბერშივე არის ის გამშვენებები გაკეთებული, რომელიც აღიმართება გუმბათის წვერზე. ჯვარი დაახლოებით 2 მეტრზე მეტია და ქვის ძირი, რომელზედაც ეს ჯვარი უნდა დამაგრდეს 1 მეტრზე მეტია.“- ამბობს აბბა ალავერდელი.
მისივე თქმით, ალავერდის ტაძარს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც სჭირდება.
„რა თქმა უნდა სჭირდება, იმიტომ რომ მე-20 საუკუნეში იატაკი თიხის ფილებისგან შეიცვალა ცემენტის საფარით. ასე რომ, ეს გამოსასწორებელია. დღევანდელი გადმოსახედიდან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ინტერიერშიც, თუმცაღა, მოვლენებს არ ვუსწრებთ წინ, გვაქვს იმის იმედი, რომ პირველი რიგის სამუშაოების დამთავრების შემდეგ, მოხდება უკვე ჩამონათვალის გაკეთება და სახელმწიფოს თანადგომით, ვფიქრობთ, რომ ამ ჩამონათვალის მიხედვით მოხდება უკვე ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება.“ - აღნიშნა მეუფემ რადიო “სივრცის” პირდაპირ ეთერში.
აბბა ალავერდელმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დღემდე ალავერდის განვითარების ფონდში ტაძრის დასახმარებლად ბევრი ადამიანი ცდილობს თავისი წვლილის შეტანას.
ალავერდში ჯვრის აღმართვის ცერემონიას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა.
0
0