03/08/2023
17:01
საზოგადოება
რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. როგორც მოქალაქე "მთავარ არხს" უყვება, თუ დროულად არ მივიდა ვერტმფრენი, სასტუმრო "სანსეტ შოვში" მყოფ მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
"მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს, წუთი-წუთზე თუ არ მოვა ვერტმფრენი ჩაგვიტანს ყველას. შემოსაზღვრულები ვართ, არცერთ მხარეს გასასვლელი არ არის,არის ორ მეტრიანი ტალახი, სადაც ყველანი ჩავიხრჩობით. ჩვენ სანსეტ შოვში ვართ, სასტუმროში. სხვაგან რა ხდება არ ვიცი"- განაცხადა მოქალაქემ.
როგორც ცნობილია, შსს-მ განცხადება გაავრცელა:
"საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყრის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.
ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით," - წერია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა. მათ შორის არიან ბავშვებიც.
0
0