12/06/2023
10:58
პოლიტიკა
უმრავლესობის წევრი ისკო დასენი ტვ „პირველის“ ეთერში მისი ოჯახის შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ვაიჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ამჯერად საკუთარი რეკორდი მოხსნა და სიყალბისა და ღვარძლის ტირაჟირებით თავისივე თავს აჯობა.
„ამჟამად ტელეკომპანია ,,ტვ პირველმა“ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მე და ჩემი ოჯახი ე.წ. „მონათმფობელობაში“ დაგვადანაშაულა. არ დავიწყებ იმ უსუსურ ბრალდებებზე საუბარს, რომლებსაც სიუჟეტში გამოყვანილი ქალბატონი ჩემი ოჯახის მიმართ ავრცელებდა, რადგან აბსურდის კომენტირება უფრო დიდ აბსურდად მიმაჩნია“ - აცხადებს ისკო დასენი.
მისივე თქმით, ცხადია, რომ მსგავსი მედია საშუალებები ყველა დაშვებულ თუ დაუშვებელ ხერხს მიმართავენ, რათა პირადად მისი დისკრედიტაცია მოახდინონ და ამით მმართველ პოლიტიკურ ძალას მიაყენონ ჩრდილი.
„ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სამწუხარო რეალობად იქცა ე.წ. რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული მედია საშუალებების გამოყენებით ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური სიუჟეტების მომზადება თუ გავრცელება. რაც ყველაზე უფრო შემაშფოთებელია, ეს ტენდენცია დღითი დღე ღრმავდება და საშიშ ხასიათს იძენს.
ჩემთვის, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისთვის, ცხადია, რომ მსგავსი მედია საშუალებები ყველა დაშვებულ თუ დაუშვებელ ხერხს მიმართავენ, რათა პირადად ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ და ამით მმართველ პოლიტიკურ ძალას მიაყენონ ჩრდილი. მიზნის მისაღწევად ისინი უკვე წლებია, არაერთი მოგონილი და გაყალბებული სიუჟეტით ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას სხვადასხვა ბიზნენსის მფარველობას უკავშირებენ, ხოლო ჩემი შვილების ბიზნესს პირდაპირ აბრალებენ კრიმინალთან კავშირს, რაც სრული აბსურდია.
ამჟამად ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მე და ჩემი ოჯახი ე.წ. „მონათმფობელობაში“ დაგვადანაშაულა. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო, თუ ჩემს განცხადებაში ზოგიერთი ისეთი ტერმინის გამეორება მომიწევს, რომლებითაც, თითქოსა და მეტი დამაჯერებლობისათვის, უხვად იყო გაჯერებული 2023 წლის 10 ივნისის გადაცემა „მელაძის შაბათი“.
მსგავსი მდარე სიუჟეტით და ფანტაზიის ნაკლებობით ვაიჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ამჯერად საკუთარი რეკორდი მოხსნა და სიყალბისა და ღვარძლის ტირაჟირებით თავისივე თავს აჯობა. არ დავიწყებ იმ უსუსურ ბრალდებებზე საუბარს, რომლებსაც სიუჟეტში გამოყვანილი ქალბატონი ჩემი ოჯახის მიმართ ავრცელებდა, რადგან აბსურდის კომენტირება უფრო დიდ აბსურდად მიმაჩნია. არც იმ სიკეთეს დააყვედრებს მას ჩემი ოჯახი ოდესმე, რომელიც ჩვენს ოჯახში სამსახურის დროს მისთვის გაუწევია. სამსახურიდან მისი წასვლის რეალური მიზეზი კი ყველაზე უკეთ თავად მან იცის და ჩემში ადამიანურ გაკვირვებას იწვევს იმ ზეწოლის მასშტაბი, რომელიც შესაძლებელია მასზე განხორციელდა ამ ფარსში მონაწილეობის მისაღებად.
როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ყველაფერ ამაში ჩემს და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილის უკიდურეს შეშფოთებას სწორედ ის ფაქტი იწვევს, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია საშუალებები აღარც ოჯახის შეურაცხყოფას ერიდებიან და ჩვენი, ოჯახურ ტრადიციებზე აღზრდილი საზოგადოების ყველაზე უფრო სათუთ გრძნობებზე ზემოქმედებენ. ეს რომ ასე არ იყოს, იგივე მედია საშუალებას სულ ადვილად შეეძლო ჩემი ოჯახის უდიდესი სანაცნობოდან თუნდაც ერთი პირი გამოეკითხა და დარწმუნებულიყო, რომ სრულ უმეცრებას აშუქებდა. თუმცა, მათ რომ ეს აფიქრებდეთ, იმასაც მიხვდებოდნენ, თავიანთი გამოგონილი სიუჟეტით, ნებსით თუ უნებლიედ, რამდენი ადამიანი შეურაცხყვეს.
და ბოლოს, მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომლის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ - მე არ დავიღლები და მსგავსი გამოგონილი სიბინძურით ვერ შემაჩერებენ, რადგან ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც აშკარაა, რომ ხელმოცარულ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა არაფერი დარჩენიათ და ადამიანების უსამართლოდ დისკრედიტაციის გზით ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური კრახის გადაფარვას“, - აცხადებს ისკო დასენი.
0
0