
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი გუშინ, გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ წერს, რომელმაც 25 წლის ორსული ქალის სიცოცხლე შეიწირა:
„ღმერთო, ვიღაც არაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და გლდანში ორსული, 25 წლის ნათია ამარიანი მოკლა. ამბობენ, რომ მართვის მოწმობაც არ ჰქონდა.
აი, რის გულისთვის? ხომ გააუბედურა ოჯახიც და საკუთარი თავიც არ დაინდო?
ხედავთ, რამხელა პრობლემაა? - ადამიანების შეგნება ძალიან დაბალია და არაფხიზელს შეუძლია საჭის მართვა. თან ისე, რომ არ უშლიან ახლობლები. სხვისი სიცოცხლის მიმართ უპასუხისმგებლობაც სახეზეა. ვინ მოგცა უფლება, რომ სხვას სიცოცხლე წაართვა?
კიდევ ერთი პრობლემაა, რამდენად სწორად იძლევიან ფსიქოს, რამდენად სწორად იქცევა ის, ვინც მანქანას აძლევს მთვრალს ან უმართვისმოწმობოს, რამდენად სწორად იქცევა პოლიცია, როცა მართვისმოწმობაჩამორთმეულს არ ამოწმებს.
მთელი ჯაჭვია, რის გამოც მხოლოდ ივლისში საგზაო შემთხვევებით 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 300-ზე მეტი დაშავდა.
პასუხისმგებაში უნდა მიეცეს მანქანის მფლობელიც და როგორც იაპონიაშია, ისიც, ვისთანაც საჭესთან დაჯდომამდე დალია.
ეს უბედური მკვლელიც მეცოდება იმის გამო, როგორ დატანჯავს ცხოვრება ამ სასტიკი და უპასუხისმგებლო საქციელის გამო.
თანავუგრძნობ ნათიას ოჯახსა და ქვეყანას ამ დიდ ტკივილს“ - წერს ჩანადირი.
როგორც ცნობილია, გუშინ, გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსული, ნათია ამარიანია.
ირკვევა, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითამდე ტრაილერს შეეჯახა, დარტყმის შედეგად კი სატვირთომ მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზინა.
0
0