30/01/2023
13:59
სამართალი
„ახალ კოდექსს არ ვიგონებ და ვფიქრობ, კორექტული უნდა იყოთ სასამართლოს მიმართ. მტკიცებულებების დაშვება და კანონის განმარტება, სწორედაც, რომ ჩემი გადასაწყვეტია და ჩემს უფლებამოსილებაში შედის. რაც შეეხება თქვენს ყოფნას ან არყოფნას, თქვენი გადასაწყვეტია და შეგიძლიათ წაბრძანდეთ, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და გავაგრძელოთ განხილვა“, - ასე უპასუხა მოსამართლე გიორგი არევაძემ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, ვალერი გელბახიანს დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
როგორც ცნობილია, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო. სწორედ ეს გახდა გელბახიანისა და არევაძის შორის შელაპარაკების მიზეზი.
“ვფიქრობ, რომ სასამართლომ დაუშვა მიკერძოების დაუშვებელი ფაქტი - მე ამას არც დავეთანხმები და ვერც მივიღებ მონაწილეობას” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა.
„მე პირადად, ვფიქრობ, რომ სასამართლომ დაუშვა მიკერძოების დაუშვებელი ფაქტი. თუ დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები, მე შეიძლება ასეთ სასამართლოში აღარ გავაგრძელო. თუ გააგრძელებენ ჩემი კოლეგები, მათი ნებაა. საქართველოს კანონმდებლობის უარყოფა ხდება ამ დარბაზში. მე ამას არც დავეთანხმები და ვერც მივიღებ მონაწილეობას. თუ ერთ ფაქტს მეტყვის ვინმე, მათ შორის მოსამართლე, რომ რომელიმე მტკიცებულება, რომელიმე სასამართლოში, დამატებით წარმოდგენილი, დაუშვა, ორივე ხელი ამიწევია. თქვენ ახალ კოდექსს ნუ იგონებთ, ძალიან გთხოვთ!“- აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.
გელბახიანს სხდომაზევე უპასუხა მოსამართლემ და ადვოკატს კორექტულობისკენ მოუწოდა. არევაძემ განმარტა, რომ მტკიცებულებების დაშვება მისი უფლებამოსილებაა.
"თქვენი ყოფნა-არყოფნა კი თქვენი გადასაწყვეტია, შეგიძლიათ წაბრძანდეთ”, უთხრა არევაძემ გელბახიანს.
0
0