23/03/2023
18:44
პოლიტიკა
მინდა მოვუწოდო სააკაშვილის გარემოცვას - თუ მათ მართლა აინტერესებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ძალისხმევა და რესურსები იმაზე დახარჯონ, რომ მან მკურნალობა განაახლოს, მიიღოს ექიმების დანიშნულება და განაახლოს სრულფასოვანი კვება. ეს ორი საბაზისო პირობა აუცილებელია, რომ შედეგსა და გაუმჯობესებას მივაღწიოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ყველა პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა ვუსურვებ. მისი გარემოცვის მხრიდან გრძელდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზების მცდელობა. რაც შეეხება სტრასბურგს, ეს ოპოზიცია მერამდენედ უნდა ემუქრებოდეს საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგის გადაწყვეტილებებით.
შეგახსენებთ: როდესაც სააკაშვილი დააპატიმრეს და მან შიმშილობა დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს მისმა ადვოკატებმა და რამდენიმე საათში სასამართლომ მოუწოდა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა. მას შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პრეტენზიებს უყენებდნენ იუსტიციის სამინისტროს, ექიმებსა თუ სხვა ჩართულ მონაწილე პირებს, არასდროს შეუტანიათ სტრასბურგში არცერთი საჩივარი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. მათივე განცხადებით, ამის შედეგად „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას, რაც კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.
„ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0