31/08/2023
13:05
პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
„საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაშიც. საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, განახორციელოსწარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში. აქედან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა, უხეშად არღვევს მას, რაც არის მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გერმანიაში გაემგზავრება.როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.
0
0