
უელსის პრინცმა "ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში გამოწვეული კონფლიქტის საშინელ შედეგებზე“ ისაუბრა. როგორც ცნობილია, ის ლონდონში, „ბრიტანეთის წითელ ჯვარს“ ეწვია.
„ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაიზარდოს და მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ღრმად შეშფოთებული ვარ 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ ტერაქტის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ისევე, როგორც ბევრ სხვას, მეც მსურს ამ ბრძოლების მაქსიმალურად მალე დასრულება. ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ უნდა დავემორჩილოთ სასოწარკვეთილებას. იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი იქნება გამოსავლის პოვნა”, - აღნიშნა პრინცმა.
უელსის პრინცმა, ვიდეობმულის საშუალებით, ღაზაში მყოფ წითელი ჯვრის თანამშრომლებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, „წითელი ჯვარი“ მზად არის მძევლების გათავისუფლებაში დახმარებისთვის.
მიმდინარე თვეში, პრინცი უილიამი იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შეხვდება, რომლებიც რეგიონს ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფენ და მათგან მოისმენს, თუ რა სირთულეებს აწყდებიან ისინი მუშაობის დროს.
პრინცის განცხადებას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მიესალმა:
”ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ბრძოლა ღაზაში, ამიტომ [პრინცის განცხადება] მთავრობის პოზიციას შეესაბამება”.
0
0