
ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა ბლიცანალიზის დროს თემაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა მსოფლიოზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ხასიათი ბევრად უფრო მასშტაბურია, გლობალურია და ატარებს მსოფლმხედველობით ხასიათს.
პოლიტოლოგის თქმით, როდესაც ევროკავშირში გინდა, უნდა აღიარებდე იმ თამაშის წესებს, რაც დამკვიდრებულია მათ თანაცხოვრების არეალში.
ხუხაშვილის თქმით, ომის შედეგები გავლენას თითქმის ყველა ქვეყანაზე მოახდენს.
„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არ გახლავთ უბრალოდ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიების დასაპყრობად ან თუნდაც გავლენების მოსაპოვებლად, შესანარჩუნებლად. ამ ომის ხასიათი ბევრად უფრო მასშტაბურია, გლობალურია და ატარებს მსოფლმხედველობით ხასიათს, რომლის შედეგადაც ჩვენ უნდა მივიღოთ სრულიად ახალი მოცემულობა სამყაროში, ახალი მსოფლიო წესრიგი და ვიტყოდი, არ დარჩება სამყაროში ქვეყანა, რომელზედაც გავლენას არ მოახდენს ამ ომის შედეგები.
როდესაც გესაუბრებით მსოფლმხედველობით დაპირისპირებაში, მხედველობაში მაქვს სამყაროს მართვის 2 ძირითადი კონცეფცია. ერთი, ემყარება ე.წ. რეალურ პოლიტიკას, როდესაც ძლიერი სახელმწიფოები ინაწილებენ გავლენის სფეროებს ანუ სამყაროს მთლიანად ტორტის ნაჭერივით იყოფენ, სუსტი ქვეყნები ექცევიან მათი გავლენის არეალში და უკვე ისინი უკარნახებენ სუსტ ქვეყნებს თამაშის წესებს. არის მეორე, თანამედროვე კონცეფცია, რომელიც გულისხმობს თანაბრობას ანუ გარკვეულ ალიანსებს ქვეყნებს შორის, რომლის განმსაზღვრელი პარამეტრები არა სიძლიერე გახლავთ, არამედ გახლავთ კეთილი ნება, რომ იცხოვრონ ერთი და იმავე თამაშის წესებით, ამას ემყარება ევროკავშირი და მთლიანად დასავლეთი.
მავანი ყოველთვის ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ადამიანი, მოქალაქე და უფრო შორს უნდა წასვლა, ჩვენი პოლიტიკური ელიტის საკმაოდ დიდი ნაწილი, მათ შორის, სამწუხაროდ, ხელისუფლებაც ამბობს, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში, მაგრამ ვინ ეკითხება მათ რა თამაშის წესები მაქვს დამკვიდრებული ქვეყანაში, მიმიღონ და შიდა სამზარეულოში მე ვიცი რას და როდის გავაკეთებ, რაც არის აბსოლუტური ნონსენსი გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის გაერთიანებები ერთიან თამაშის წესებზე მკვიდრდება და თუ რაიმე საერთო არსებობს ამ გაერთიანებებში აღმოჩენილ ქვეყნებს შორის, ზუსტად ეს ერთიანი თამაშის წესებია. ეს არ არის გეოგრაფიული გაერთიანებები, ეს არის - მსოფლმხედველობით ფასეულობათა სისტემებზე დამყარებული ალიანსები, აბსოლუტურად ნებაყოფლობითი და თუ შენ ამბობ, რომ იქ გინდა, ბუნებრივია, ეს ნიშნავს რომ შენ უნდა აღიარებდე იმ თამაშის წესებს, რაც დამკვიდრებულია იმ თანაცხოვრების არეალში რასაც ჰქვია - ევროკავშირი და მთლიანად დასავლეთი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად ევროკავშირში ყოფნა, არამედ ის ფასეულობათა სისტემა, რაზედაც დგას ამ ტიპის გაერთიანებები.
„ჩვენ ევროკავშირში იმიტომ კი არ გვინდა, რომ იქ მეტი კეთილდღეობაა და ეს ჩვენი გეოგრაფიული არჩევანი კი არ არის, ზუსტად ის არჩევანია, რომ გვინდა მეტი ადამიანის უფლებები, სამართლიანი სასამართლო და.ა.შ. ამ გაერთიანებებში ყოფნა ხელს შეუწყობს ჩვენთან ამ ცივილიზებული, ნორმალური ფასეულობების დამკვიდრებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად ევროკავშირში ყოფნა, არამედ ის ფასეულობათა სისტემა რაზედაც დგას ამ ტიპის გაერთიანებები.
ალტერნატივა არის ძალიან მარტივი, როდესაც რუსეთის იმპერია, ტანკებით, რბილი ძალით მოდის შენს ქვეყანაში ის ამკვიდრებს თავის თამაშის, სამყაროს წესებს. ვისთვისაც ეს მისაღებია, ესეც მათი არჩევანია, თუ ვინმეს მოსწონს ის რაც ხდება რუსეთში კი ბატონო შეუძლია ამის ლობირება მოახდინოს. ევროკავშირი ჩვენთვის არის ფასეულობითი არჩევანი და არა გეოგრაფიული. თუ გვინდა ევროკავშირში მაშინ, უნდა ვაღიაროთ და პატი ვცეთ ზუსტად იმ ფასეულობათა სისტემას, რაც ფუნდამენტში დევს ამ ტიპის გაერთიანების“, - დასძენს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
0
0