
თურქულ ყოველდღიურ გაზეთ "ჯუმჰურიეთში" (Gumhuriyet) გამოქვეყნებულია პოლიტიკური მიმომხილველის მეჰმედ ალი გიულერის სტატია სათაურით "აშშ კავკასიაში „მეორე ფრონტის“ გახნას პროვოცირებს: ჯერ საქართველო, ახლა სომხეთი. რას სურს ამერიკას".
“კვირის პალიტრა” პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით აქვეყნებს:
"არავისთვის საიდუმლო არაა, რომ უკრაინის პარალელურად, ამერიკას თავიდანვე, ომის დაწყებამდე სურდა კიდევ ერთი ანტირუსული ფრონტი კავკასიაში გაეხსნა. ამ მიზნით, ომამდე ოთხი თვით ადრე მიხეილ სააკაშვილი ამ სპეციალური მისიით იქნა გაგზავნილი უკრაინიდან საქართველოში, მაგრამ მან წარმატებას ვერ მიაღწია. სულ მალე, როცა რუსეთ-უკრაინის ომის დაიწყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მტკიცედ განაცხადა, რომ სანამ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში იმყოფება, მთავრობა "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას არ დაუშვებს".
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღევანდელი დაპირისპირება გარკვეული თვალსაზრისით ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როცა ამერიკა შეეცადა უკრაინისა და საქართველოსათვის ნატოსაკენ მიმავალი გზა გაეკვალა. ვაშინგტონი ვარაუდობდა, რომ რუსეთს დაქანცავდა, დასავლეთიდანაც დაარტყამდა და სამხრეთიდანაც, იმედი ჰქონდა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებით შავ ზღვას "ნატოს ტბად" გადააქცევდა.
ვის სურს ქაოსური სიტუაციის შექმნა სამხრეთ კავკასიაში
შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა კავკასიაში შეუძლებელია. მაგრამ, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ თავის მცდელობებს შეწყვეტს რეგიონში ქაოსური სიტუაციის შექმნის მიზნით. თუ მეორე ფრონტი არა, კონფლიქტურ მდგომარეობა მაინც თუ იქნება, ვაშინგტონისათვის ესეც სასარგებლო და მომგებიანი იქნება სხვადასხვა მიზეზთა გამო.
თუ დავაკვირდებით, ბოლო დღეებში ამ მიზნით უკვე რამდენიმე სვლა გაკეთდა: თეთრი სახლი შეეცადა რუსეთის შუამავლობით 2020 წლის ნოემბერში დადებული სომხეთ-აზერბაიჯანის ზავის დარღვევას (რასაც ახალი შეთანხმების გაფორმება მოჰყვება, ამჯერად უკვე ვაშინგტონის მონაწილეობით). ამის შემდეგ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ „რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული მოკავშირეობა და ერევნის მოსკოვური იმედები სტრატეგიული შეცდომა იყოო", შემდეგ ნატოს გაფართოების ევროპული კომიტეტის თავმჯდომარე გიუნტერ ფილინგერი გამოდის და ამერიკას მოუწოდებს - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სომხეთი ნატოს წევრი გახდესო. და ბოლოს, გადაწყდა სომხეთის მონაწილეობა ათდღიან სამხედრო წრთვნებში, აშშ-სთან ერთად.
წყარო: “კვირის პალიტრა”
0
0