
ასეთი მასშტაბის სტიქიურ მოვლენას დასავლეთ საქართველოში არასდროს ჰქონია ადგილი – ამბობს შოვში მყოფი გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი. მისი თქმით, სტიქიის განმეორების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს. გეოლოგების ექვსი ჯგუფი ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მუშაობს.
“ასეთი მასშტაბის სტიქიურ მოვლენას დასავლეთ საქართველოში არასდროს ჰქონია ადგილი, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭაში, სადაც ერთი სოფელი ჩაიმარხა. 5 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მასა მოვიდა დინამიკაში“, - ამბობს გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. დაკავშირება ვერ ხერხდება 35 ადამიანთან.
ამასთან, შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომელიც სტიქიის ზონაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობს.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართული.
დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
0
0